ციხე, რომელიც გვიანანტიკურ ნაქალაქარ ციხისძირთანაა გაიგივებული
პეტრას ციხე ლაზიკაში ბიზანტიის იმპერიის გავლენის სიმბოლოდ და დასაყრდენად აშენდა. მისი სტრატეგიული მდებარეობა ბიზანტიელებს საშუალებას აძლევდა, რეგიონში ვაჭრობა ეკონტროლებინათ და, იმპერატორ იუსტინიანეს ომების ხარჯების დასაფარად, მეტი შემოსავალი მიეღოთ, თუმცა, იმედები არ გაუმართლდათ და ეს რეგიონი ახალი მასშტაბური კონფლიქტის მიზეზად გადაიქცა. პეტრას ციხე, 535 წელს, ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის მიხედვით, ბიზანტიელმა სტრატეგოსმა იოანე ციბემ ააგო.
იოანე ციბემ, იმპერიისა და ლაზიკის საზღვარზე მდებარე პეტრას ციხე-ქალაქის სტრატეგიული, სავაჭრო, საგზაო მდებარეობა ოსტატურად გამოიყენა და ეკონომიკის მონოპოლიზება მოახდინა. ვაჭრობა და საქონლის შეძენა-გაყიდვა მხოლოდ მას შეეძლო. ის იაფად ყიდულობდა საქონელს, ლაზიკაში საზღვაო და სახმელეთო გზებით შემოდიოდა და საქონელს ძვირად ყიდდა. ამით იმპერიას მეტი მოგება რჩებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ლაზებში. საბოლოოდ, ამ პოლიტიკამ ბიზანტია ძალიან დააზარალა.
ბიზანტიური ცნობებით, ქალაქს მისი ამშენებელი იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანესაც“ უწოდებდნენ. ის მიუვალი იყო, რადგან ერთი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან კი კლდეები, მას მხოლოდ ერთი ვიწრო შესასვლელი ჰქონდა დაბლობიდან. ციხის კედლები და კოშკები ისე იყო ნაშენი, რომ საალყო იარაღით მათი დანგრევა ძალიან რთული ყოფილიყო. ქალაქი კარგად იყო მომარაგებული წყლითა და სურსათით. ლაზიკაში ღვინო, მარცვლეული და არაერთი სხვა პროდუქტი შემოდიოდა.
XV საუკუნეში, იტალიელები იოსაფატ ბარბარო და ამბროჯიო კონტარინი აღნიშნავდნენ, რომ აქ ძირითადად ღომი მოჰყავდათ. მარილი – ყირიმიდან, კაფადან, ხოლო ღვინო და დამარილებული თევზი ტრაპიზონიდან შემოჰქონდათ. XVII საუკუნეში, არქანჯელო ლამბერტიც წერდა ტრაპიზონთან, კაფასთან და კონსტანტინოპოლთან აქტიური საზღვაო ვაჭრობის შესახებ. განთქმული მოგზაური ჟან შარდენი კი მიუთითებდა ბრინჯის, ხორბლისა და ქერის მოსავლის სიმცირეზე და ღომის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ისტორიული წყაროებითა და კავკასიაში მოგზაურთა ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნემდე, დასავლეთ საქართველოს მეურნეობა, რესურსები და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვაჭრობა განსაკუთრებულად არ შეცვლილა.
პეტრას აგების, იუსტინიანეს გავლენის გაძლიერების, ბიზანტიური გარნიზონების ლაზიკაში ჩადგომითა და ეკონომიკის მონოპოლიზებით უკმაყოფილო ლაზებმა, რომელთაც მეფე გუბაზ II მართავდა, ირანელთა მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს და ბიზანტიელთა განდევნისთვის ირანის შაჰს მიმართეს. ირანის შაჰ ხოსრო ანუშირვანთან გაგზავნილმა ლაზმა ელჩებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უპირატესობებს მისცემდა ლაზებთან მოკავშირეობა ირანელებს – ისინი მიიღებდნენ ტერიტორიას ბიზანტიის საზღვრებთან, გააკონტროლებდნენ კავკასიას, გავიდოდნენ ზღვაზე და დაემუქრებოდნენ კონსტანტინოპოლს. ირანის შაჰმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ბიზანტიელთა ყურადღება მოადუნა და ლაზი მეგზურების დახმარებით, ლაზიკაში შეიჭრა. პეტრას აღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ იოანე ციბეს სიკვდილის შემდეგ, ირანელებმა ქალაქის აღება შეძლეს.
ლაზიკის ომი 541-დან 562 წლამდე გაგრძელდა, მისი საკვანძო ეტაპი კი სწორედ პეტრას დასაუფლებლად ორი იმპერიის ბრძოლა იყო. ლაზებმა, რომელთაც ირანის შაჰთან კავშირით ვერაფერი მოიგეს, ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ დაბრუნდნენ და ახლა ირანელებს დაუპირისპირდნენ. 551 წელს, ბიზანტიელებმა შეძლეს თავიანთი ყოფილი სიმაგრის დაკავება და განადგურება, რის შემდეგაც, ომი ინერციით დასასრულისკენ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, ირანელებმა მასში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, ომი მოგებიანი ზავით დასრულდა.
პეტრას ციხე უწინდელივით დიდი მნიშვნელობის მატარებელი აღარ იყო, თუმცა ის არსებობას მაინც აგრძელებდა. მას, სხვადასხვა დროს, ქართველები, ოსმალები და რუსეთის იმპერია აკონტროლებდა. საბჭოთა კავშირის დროს, ციხის ნაწილი დააზიანეს, დაანგრიეს და ლემონარიუმი მიაშენეს. მიუხედავად ამისა, პეტრას ციხე , არქეოპოლისთან (ნოქალაქევი) ერთად, დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გვიანანტიკური ძეგლი და გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.