საქართველოში პირველი ნაკრძალი ლაგოდეხის რაიონში დაარსდა

ფოტო: მიქაელ ქავთარაძე

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალია, რომელთა საერთო ფართობი  139 048 000 ჰა-ს შეადგენს. პირველი ნაკრძალი, 1912 წელს, ლაგოდეხის რაიონში დაარსდა.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნა პოლონელი ნატურალისტის ლუდვიკ მლოკოსევიჩის (1831–1909) სახელთანაა დაკავშირებული. 1889 წელს, მან პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურად გამოცხადდა ნაკრძალად.

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით, მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 590-3500 მეტრის სიმაღლემდე ვრცელდება.

ფოტო: მიქაელ ქავთარაძე

მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები და ღრმა ხევები, თავისი მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი, ქართული მუხის მუხნარებითა და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით, ასევე ალპური სარტყელი მდელოებით, „ხალებითა“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი.  ალპური სარტყლის მაღლა კი სუბნივალური სარტყელია, ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.

ხალა – ხელის ტბა (შავი კლდდების ტბა). ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ლაგოდეხის ნაკრძალში არის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა.

ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან კი  გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და ასე შემდეგ.

კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო, ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო.

ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა. იგი მდიდარია ენდემური სახეობებით: იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა.

ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება  აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა ცხოველთა სახეობა.

არჩვი (ფსიტი) ლაგოდეხის ნაკრძალში – ფოტო: ბოგდან ერიაშვილი

ფოთრები – ახალგაზრდა ჯიხვები. ფოტო: შოთა ერიაშვილი

ფრინველებიდან (120 სახეობაა აღრიცხული) აღსანიშნავია  კავკასიური როჭო და შურთხი,  დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი.

კავკასიური როჭო

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები  ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა) მოიცავს. დღეისათვის, ლაგოდეხის აღკვეთილში თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. ესენია: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“  და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.

ნინოსხევის ჩანჩქერი. ფოტო: მიქაელ ქავთარაძე

ხალა – ხელის ტბა (შავი კლდეების ტბა). ფოტო მიქაელ ქავთარაძე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სისტემისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, თუმცა, სიმაღლეთა შორის მნიშვნელოვანი სხვაობიდან გამომდინარე, ლოკალური კლიმატური პირობების მკვეთრი სხვადასხვაობით ხასიათდება. შედარებით მაღალ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ტენიანია, ხასიათდება ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. დაცული ტერიტორიების ქვედა ზონებში აღინიშნება შედარებით რბილი კლიმატი ნაკლებად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით.

ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში.  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი) და საერთაშორისო კონსერვაციის მიერ, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალური შესასვლელი ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა კომპლექსთანაა ინტეგრირებული. ადმინისტრაციულ კორპუსში საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზია მოწყობილი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებსა და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.

ალპური ტბა- მდ. ლაგოდეხის ხევის სათავე. ფოტო: მიქაელ ქავთარაძე

თუ გინდათ იხილოთ ლაგოდეხის ნაკრძალის ღირშესანიშნაობები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა წინ ულამაზესი სანახაობა გელით. გზაში შეიძლება შველს, ირემს, ჯიხვს, მაჩვს ან გარეულ ღორსაც კი გადააწყდეთ.

ალპური ტბები . ფოტო: მიქაელ ქავთარაძე


პოდკასტი