ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად, რატომ არის აუცილებელი უსაფრთხოების წესებისა და დადგენილი აკრძალვების დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები დაიცვან.

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

„ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, ასევე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ოთხიდან რვა წლამდე“.