ამბავი ფილმისა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

36 წლის იყო რეზო ჩხეიძე, როდესაც ,,ჯარისკაცის მამა“ სულიკო ჟღენტის სცენარით გადაიღო. 1964 წელი იყო. სულიკო ჟღენტმა რეჟისორს  სცენარი კინოსტუდიაში მიუტანა და სთხოვა, როგორც კი დროს გამონახავდა,  წაეკითხა, თავად კი ბათუმში გაემგზავრა. კინოსტუდიიდან გამოსული რეჟისორი ტრამვაიში ჩაჯდა და კითხვას შეუდგა. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო, სათაურით ,,ჯარისკაცის მამა“. ამ პატარა სცენარში ყველაფერი გასაგებად ეწერა, იგრძნობოდა ხასიათი, ემოცია, განვითარება. რეზო ჩხეიძემ რამდენიმე წუთში უკვე იცოდა, რომ ამ სცენარზე ფილმს შექმნიდა.

ამ პერიოდში, რეზო ჩხეიძე ,,ზღვის ბილიკზე“ მუშაობდა და მთავარ როლში სერგო ზაქარიაძეს იღებდა. მეორე დილით, აღფრთოვანებული მაესტრო კინოსტუდიაში მსახიობთან მისულა. სერგო ზაქარიაძეს გრიმს უკეთებდნენ, როდესაც რეჟისორი თავზე დაადგა და სულიკო ჟღენტის სცენარის მოყოლა დაიწყო. თხრობა რომ დაასრულა, მსახიობი ატირდა. ტიროდა რეზო ჩხეიძეც. ასე გადაწყდა ფილმის გადაღება.

თავად რეზო ჩხეიძე ამ ამბავს ასე იხსენებდა: „დილა მშვიდობისა, ბატონო სერგო! – ვუთხარი. მას ჩემთვის არც შემოუხედავს. სცენარი მოგიტანეთ, აქ არის კახელი მევენახე კაცის სახე დახატული. საქმე ისაა, რომ სცენარის დასაწყისში წერია, რომ ამ მოხუცის შვილი იყო ფრონტზე, რომ ის ტანკისტია, რომ ის ახლა დაჭრილია. აქ სერგომ დაინტერსებულად ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და ისევ გრიმს მიუბრუნდა. მე გავაგრძელე, ჩადის ეს მახარაშვილი ფრონტზე, იპოვის იმ ჰოსპიტალს, სადაც მისი შვილი იწვა. აქ სერგომ გამომხედა: “რაო? რა და გამოდის, რომ თითქოს ტყუილად ჩასულა იქ, შვილი უკვე გაუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ ისევ ტანკისტად, საბრძოლველად?” სერგომ მკითხა: ‘მერე? რა გადაწყვიტა ამ შენმა მახარაშვილმა?” – “რა და მან დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც ეგულებოდა, რომ მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის, ამ გზას მიაბიჯებს და ვერ პოულობს შვილს”. – “მერე? მერე რა ქნა?!” – ფეხზე წამოდგა ბატონი სერგო და მომიახლოვდა. მე ვუთხარი, მაშინ მიაგნო მის შვილს, როდესაც დაჭრილი იყო ბერლინში. იმ ადგილზე, სადაც ის უკვე დაღუპულ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, მას ცრემლები წამოუვიდა და პატარა ბავშვივით აუთამაშდა მთელი სახე. ტირის ბატონი სერგო. მე ვკითხე: “მოგეწონათ, ბატონო სერგო?” – “ძალიანო” – მიპასუხა. – “მე მინდა ფილმი გადავიღო და თქვენ ითამაშოთ გიორგი მახარაშვილი”. – “მე უნდა ვითამაშო ეს როლი? ასეთი ბედნიერი ვიქნები, რომ მე ვითამაშო?!” – “იქნებით ბატონო სერგო”! უცებ სერგომ რომ გაიაზრა ეს ყველაფერი, გრიმი გვერდით გადადო და ორივემ ტირილი დავიწყეთ“.

სცენარზე მუშაობას ნახევარი წელი დასჭირდა. კინოსტუდია მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილს ითხოვდა, რეჟისორი კი მოხუცი გიორგი მახარაშვილის როლზე სერგო ზაქარიაძეს ხედავდა. ფილმისთვის ბრძოლა არ იყო მარტივი, თუმცა, საბოლოოდ,  როცა სცენარი მოსკოვს გადაეგზავნა, მის შინაარსს ჩაწვდნენ და თქვეს, რომ ამ ფილმს დიდი წარმატება ექნებოდა. მას შემდეგ, ფილმზე მუშაობა აქტიურად დაიწყო.

იმ პერიოდში, ანუ საბჭოთა ეპოქაში, ყოველი ახალი ფილმის ჩაბარება მოსკოვის კინემატოგრაფისტთა საკავშირო კომიტეტში ხდებოდა და მაშინდელ სამხედრო უწყებას ფილმის გაშვებაზე უარი უთქვამს. ამის მიზეზად კი შემდეგი დაუსახელებია: “ჩვენს ოფიცერს ეს ქართველი პაპა ხელს რატომ ურტყამს?!” საბოლოოდ, ფილმი თაროზე სამუდამოდ შემოდებისგან იმ დროს ყველაზე მკაცრ საბჭოთა გენერალ ვოსტოკოვს გადაურჩენია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმში სცენარისტის, სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული. ის 16 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წასულა. ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი ჰოსპიტალში დაუწვენიათ. მამამისს შვილის მოსაძებნად გრძელი და საშიში გზა გაუვლია.

„ჯარისკაცის მამა“ მსოფლიო კინოს ისტორიაში, ომის თემაზე შექმნილ ფილმებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურშია შესული. კანის ფესტივალზე ფილმი მსოფლიოს კლასიკური კინოს ეგიდით აჩვენეს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი