წამლავდნენ თუ არა მეუფე შიოს – პატრიარქის მოსაყდრის სისხლის ანალიზში საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო (მუჯირი) მოწამლეს. ინფორმაციასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარი საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. მისი განმარტებით, მათ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან მეუფის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, ამ ნივთიერებას კი მოწამვლისას ხშირად იყენებენ.
„ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს დამატებითი გამოძიება, კვლევები და საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, მე არ შემიძლია დავადასტურო. სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არ არ არის. რაღაც პერიოდის წინ, მეუფემ სისუსტე იგრძნო და ექიმების რეკომენდაციით, სხვადასხვა ანალიზები ჩაიტარა. მას შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე გავიდა. კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, როგორც დეკანოზი ამბობს, შესაძლებელია, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლა გარედან ყოფილიყო განხორციელებული.
,,არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“, – აღნიშნა დეკანოზმა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს გამოძიებისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს.
„ჩვენ თვითონ ვიყავით კვლევის რეჟიმში, ჯერ ჩვენ უნდა გაგვერკვია, საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. დღეისთვის ,რაც ვიცით, არის ის, რომ საკვები, რომელსაც იღებს, არის ჯანმრთელი. მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოარჩია, მის მიმართ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როდესაც არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია”,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა შორენა თეთრუაშვილის კავშირს მოწამვლასთან დაკავშირებით, ანდრია ჟაღმაიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ ვარაუდები გამოითქვა და შეიძლება ათასი ვერსია ითქვას, თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ჭორები, ნებისმიერ ადამიანზე თქმული.