მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები და ლელთის ტბა იმ ათამდე ტურისტულ მიმართულების შორისაა, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე სივრცეები მოეწყობა. საპიკნიკე სივრცეების მოწყობა-განახლება, ძირითადად, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია სოფელი მირვეთი, სადაც ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება ხორციელდება.
სოფელი მირვეთი მაჭახელას ხეობაში, ბათუმიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ასევე, სოფელში XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდია, რომელიც განსაკუთრებულ იერს აძლევს ამ ადგილს. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორიაც, სადაც კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და კატერით გასეირნებაა შესაძლებელი.
აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს.
მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება რეგიონში არსებულ 5-მდე ჩანჩქერთან და გულების ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკურის დაპროექტება. ბოლო წლებში, მთიან აჭარას 5-ზე მეტი ახალი საპიკნიკე ზონები შეემატა. აჭარაში სულ 25-ზე მეტი ტურისტული საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტია, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ.