ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, რომლის კედლებზეც ქართული ანბანის ნიმუშებია ამოკვეთილი

2002 წელს, ალექსანდრიაში, ძველი ბიბლიოთეკის ადგილას, ახალი, თანამედროვე ტიპის ალექსანდრიის ბიბლიოთეკა აშენდა. თითქმის წარმოუდგენელი პროექტის განხორციელებაზე ევროპის საუკეთესო არქიტექტორები ზრუნავდნენ. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, თანამედროვე წიგნთსაცავის ფასადზე, მსოფლიოს ანბანთა შორის ულამაზესი ნიმუშები გრანდიოზული მასშტაბებით გამოესახათ.

ბიბლიოთეკის კედლებზე, არაერთ ასოებთან ერთად, ქართული ანბანის ნიმუშებიცაა ამოკვეთილი. მთავარ ფასადზე უზარმაზარი , , , და  ასოებია გამოსახული.

 „ქართულ დამწერლობას მსოფლიო ანბანებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია, იგი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესია. ბიბლიოთეკის კედლებზე დატანილი ასოები 120 ენის მიხედვით შეირჩა, ამიტომ აქ არის ინდური, არაბული, ლათინური ასოები, ქართული ანბანიდან  კი რამდენიმე ნიშანი გრანიტის ფილებზე გრანდიოზული მასშტაბებით გამოისახა. ეს იმიტომ, რომ ბიბლიოთეკაში მოსულმა მკითხველმა ისინი შენობის უზარმაზარ კედლებზე კარგად შენიშნოს. ქართულის მოხდენილი მოხაზულობა და წერის ლამაზი სტილი ყოველთვის ყურადღებას იპყრობს“,- აღნიშნავს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი აჰმედ გამალი.

 

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომელიც ძვ.წ. III საუკუნეში, პროტელემეების სამეფოს მეფის პტოლემე II- ის დროს აიგო. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიბლიოთეკაში 400-დან 700 000-მდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი კი შედარებით მცირე ციფრს, 10-დან 50 000- მდე გრაგნილს ასახელებს. გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა აკადემია უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნსაცავი. აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ, როგორც კვლევითი სამუშაოებით, ისე მასწავლებლობით. ბიბლიოთეკაში, ასევე,  წიგნის გადამწერთა შტატი არსებობდა.

ძვ.წ. 48-47 წლებში, იულიუს კეისარი ეგვიპტეში იბრძოდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კერძოდ ქალაქის აღების დროს, ხანძარი გაჩნდა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით ბიბლიოთეკის შენობა აღადგინეს და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მისი წიგნების საცავი, მარკუს ანტონიუსმა, პერგამონის ბიბლიოთეკიდან გადატანილი წიგნებით შეავსო.

ალექსანდრიაში, ისევე როგორც 2500 წლის წინ, დღესაც თავმომწონედ დგას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა. ახალი ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია. მისი მშენებლობის შედეგად, ეგვიპტეში შეიქმნა ახალი, მთავრობისგან დამოუკიდებელი, საჯარო საგანმანათლებლო ორგანიზაცია.


პოდკასტი