ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ერთი თვის შემდეგ ექნებათ. პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.

„უკვე მეორე წელია, რაც, ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით, აქტიურად ვმუშაობთ. მსოფლიოს სამ ქვეყანაში, სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა შესაბამისი ფასების კვლევა და გამოკითხვები. სამწუხაროდ, ყოველწლიურად, საშუალოდ სამასამდე ბავშვია, რომლებიც სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მკურნალობას საჭიროებენ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, სრულყოფილად დავაფინანსოთ მათი მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში. ამ ეტაპზე, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ვფიქრობ, თვის ბოლომდე უკვე დაკონტრაქტებული იქნება და, შესაბამისად, მომდევნო თვიდან მკურნალობა შესაძლებელი იქნება. ბიუროკრატია დაკავშირებული იყო სხვადასხვა ტექნიკურ შეთანხმებასთან, რის გამოც, დაახლოებით, თვე ან თვენახევარი დაგვჭირდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოყოფილი თანხა მათ  საჭიროებებს სრულად დაფარავს. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

„დასახელებული სამი კლინიკიდან, ესპანეთის შემთხვევაში პროტონოთერაპიის შესაძლებლობაც იქნება, რომელიც ასევე სრულად დაფინანსდება. ბავშვთა ონკოლოგიის პროგრამის განმახორციელებელი „სოლიდარობის ფონდია“. შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვისა და ერთი თანმხლების ცხოვრებაც. დანარჩენ ხარჯებსაც „სოლიდარობის ფონდი“ დაფარავს. ერთადერთი, ისრაელის კლინიკაა, რომელიც ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, 300 ბავშვის მკურნალობას, ამ ეტაპზე,  საქართველოში არსებული და დასახელებული უცხო ქვეყნის სამი კლინიკა  სრულად აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, თავად შეარჩიონ, რომელ კლინიკაში სურთ ბავშვის მკურნალობა, რომელიც სრულად დაფინანსდება.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო- რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას გაფრთხილების გარეშე შეძლებს

პოდკასტი