ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა, საბოლოოდ,  18 კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებიც, 21 ივლისიდან, იტალიის ქალაქ ტრევიზოში, შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

17 და 18 ივლისს, ეროვნული ნაკრების წევრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 20 ივლისს კი იტალიაში გაემგზავრებიან. შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს.

ოთხი კალათბურთელი- თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს, ტრევიზოში, 21 ივლისს შეუერთდება. ტრევიზოში წამსვლელ 18 კალათბურთელს შორის ლუკა ლიკლიკაძეც მოხვდა, რომელიც, ამჟამად, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ, იტალიაში,  18 კალათბურთელიდან, საბოლოოდ, 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან. 17 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე სწორედ შერჩეული კალათბურთელებით გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე  34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის არენაზე ყოველდღიურად ავარჯიშებდნენ. 18 კაციან შემადგენლობაში ის ახალგაზრდები მოხვდნენ, რომლებმაც მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურეს.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი პატიმრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

პოდკასტი