14 ივლისი ვაჟა- ფშაველას დღეა

14 ივლისს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი ვაჟა-ფშაველა დაიბადა.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად. ჩარგალი. 1907 წელი

ქართველ პოეტთა შორის, ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას.  მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანი იყო, არამედ ეთიკური მწვერვალიც. უნივერსალური ჰარმონიისკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. მან დიდი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე. ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა.

ვაჟა-ფშაველას აფასებდნენ ნებისმიერი დროის გამოჩენილი მოღვაწენი. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობდა: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“.

როდესაც ვაჟა თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა და მწერალს აკითხებდა,  შემდეგ კი ეს შედევრები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

დავით კლდიაშვილი კი ამბობდა: „ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“.

სანამ საქართველო ცოცხალია, ვაჟას შემოქმედებაც მასთან ერთად იცოცხლებს.
გენიოსი, რომელიც საკუთარ თავს ნაიალაღარ ხარს ადარებდა, თითქოს დღესაც ბუბუნებს: „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ“.


პოდკასტი