სამხედრო ცხოვრებიდან ემიგრაციამდე- ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი 14 ივლისს დაიბადა
,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი
მოჰქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართველთ შვილები,
თითო ლომისა დარია”.(ავტორი: მიხა ხელაშვილი)
საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, 1888 წლის 14 ივლისს, ჩოლოყაშვილთა საგვარეულო სოფელ მატანში დაიბადა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამხედრო მოღვაწეობა მრავლისმომცველია. 21 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს, სადაც ტვერის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა; 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე იბრძოდა; 1915 წელს ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში ჩაეწერა და სპარსეთში ბრძოლობდა; 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას; მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში; 1922 წლის 12 მარტს კი, ჩოლოყაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში, რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო, მათ ,,შეფიცულთა რაზმი“ ეწოდათ.
,,არ მაინტერესებს რომელი მთავრობა იქნება ჩვენ ქვეყანაში. მთავარია, რომ აქ რუსის ჯარი არ იდგეს და საქართველო თავისუფალი იყოს“,- ამბობდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ეროვნული გმირი ოკუპაციას არასდროს შეურიგდა. მან, პატარა რაზმთან ერთად, აქტიურად დაიწყო დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინდელი საქართველო სავსე იყო ტყის რაზმებითა და მამაცი ადამიანებით, მაგრამ ქაქუცას სახელი დრომ მაინც გამორჩეულად შემოინახა.
“ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობიც კი მიაქცევდა ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო იგი დაბადებული”, – ამბობდა ,,შეფიცულთა რაზმის“ ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე სულხანიშვილი.
,,შეფიცულთა რაზმმა“ არაერთი შეტაკება და აჯანყება გამოიარა. რთული გზის გავლა მოუწიათ სამხედრო პირებს.
ერთ-ერთი ასეთი აჯანყება, 1922 წლის ივლის-აგვისტოში, კახეთ-ხევსურეთში მოხდა. ქაქუცას რაზმმა თუშეთ-ფშავ-ხევსურეთისკენ მისასვლელი გზები გადაკეტა. შეფიცულებმა ჟინვალთან ბოლშევიკები სასტიკად დაამარცხეს, რის შემდეგაც ხევსურეთში გამაგრდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ შეფიცულების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა. ქაქუცა იძულებული გახდა, თავი ჯერ ხევსურეთისთვის, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიისთვის შეეფარებინა.
სამხედრო ცენტრის დავალებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩრდილოეთკავკასიელებთან მოლაპარაკება დაიწყო. ცენტრის დადგენილებით, აჯანყება მთელი კავკასიის მასშტაბით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შეიცვალა. ღალატის გამო, 1923 წლის მარტში დააპატიმრეს, 20 მაისს კი დახვრიტეს სამხედრო ცენტრის მეთაურები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე,ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გოგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვა პატრიოტი ოფიცრები.
ბრძოლა შეჩერდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. დაიწყო ახალი აჯანყების გეგმის განხილვა. საბოლოოდ, 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დანიშნულმა საყოველთაო აჯანყებამ, საბედისწეროდ, 24 საათით ადრე იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი და დუშეთი, სვიმონიანთხევისა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში კი გაიმარჯვა. ამ დროს, ეროვნულმა გმირმა შეიტყო, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებას დამარცხებულად მიიჩნევდა და ხალხს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. ქაქუცამ ქალაქის აღებაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. აუცილებელი გახდა საქართველოს დატოვება.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა სამშობლო 1924 წლის სექტემბერში დატოვა და შეფიცულთა ერთი ნაწილით ჯერ ოსმალეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა.
საქართველოში კი ამ დროს მისი ახლობლების სასტიკი დევნა მიმდინარეობდა. ენით აუწერელია ის ტანჯვა-წამება, რაც ქაქუცას ახლობლებმა გამოიარეს ჩეკას ხელში.
საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, შეფიცულები სხვადასხვა ქალაქში დაიფანტნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ქაქუცას არ უნდოდა თავისი შეფიცულების დაფანტვა, პარიზის მახლობლად, ვიროფლეში სახლი იქირავა, ყველა შეფიცული ჩაიყვანა და ერთად დაასახლა. იგი ყველანაირად ცდილობდა, მათთვის მძიმე ემიგრანტული ცხოვრება გაეადვილებინა.
სამშობლოზე ფიქრმა და ოჯახის წევრების ნახვის სურვილმა გატეხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამას ისიც დაერთო, რომ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა იჩინეს თავი. თანამებრძოლებმა იგი მთებში სამკურნალოდ გააგზავნეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. საბოლოოდ, ეროვნული გმირი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქაქუცას სასთუმალთან ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი სდებია, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერსად უპოვია. სიკვდილის წინა ღამეს, ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც სთხოვდა, მამა, მომეცი ჩემი ჯვარიო. მაშინ კი დიდ ქართველს უთქვამს- ახლა გათავდა ჩემი სიცოცხლეო.
ანდერძისამებრ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ალექსანდრე სულხანიშვილმა მისი ანდერძი არ შეასრულა, რადგან არ უნდოდა ძვირფასი ადამიანის ნეშტის დაწვა. უამრავი ხალხი დასწრებია ეროვნული გმირის დაკრძალვას. 10 კილომეტრზე მეტი, ხელით ატარეს მისი ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაომდე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წლის შემოდგომაზე კი, მან სამუდამო განსასვენებელი სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში ჰპოვა.
ლიკა მაჩხანელი