საუკუნის მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ომარ მხეიძე იყო ადამიანი, რომელმაც ქართული ცეკვის ისტორიაში თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა, ფოლკლორის განვითარებაში  დიდი წვლილი შეიტანა და საქართველოს სახელი და კულტურა სრულიად მსოფლიოს გააცნო. ქართველი მოცეკვავე, ათეული წლების განმავლობაში, ემსახურა საქმეს, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა.

ომარ მხეიძე, 1935 წლის 25 აპრილს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა. 1953 წლიდან, იგი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო,  1954 წლიდან კი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე,  სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. ქართველ მოცეკვავეს მიღებული აქვს არაერთი წოდება- საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, ქართული კულტურის ამაგდარი და რაინდი, საუკუნის მოცეკვავე და ხელოვნების ქურუმი. 2014 წელს, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა ომარ მხეიძე ,,საუკუნის მოცეკვავედ” დაასახელა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა “ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,  მას ,,ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“ მიანიჭა. 2011 წელს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ  მოცეკვავის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

ომარ მხეიძის რეპერტუარიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია „ხევსურული სიუიტა“, „მხედრული“, „შეჯიბრი“, „მუხამბაზი“, „მთიელ ვაჟთა ცეკვა“ და „ქაჯეთის აღება“.

მედია სააგენტო ,,24“  სამძიმარს უცხადებს ომარ მხეიძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.


პოდკასტი