ტაოს დიდებული ისტორია წყალში იძირება
თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე, იუსეფელის ჰიფროელექტროსადგურის წყალსაცავის შევსების გამო, ქალაქ იუსეფელთან ერთად, ქართული ისტორიული ძეგლები წყალში იძირება. ჭოროხმა უკვე დატბორა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა ორი დარბაზული ეკლესიაც- ჰამზეთისა ( ახალთის ეკლესიადაც მოიხსენიებენ) და ჭალის. რამდენიმე დღეში, ასევე, მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდება კავკასიძეების ციხეც. სამივე ძეგლი, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული, რომელთა ძირითადი კონსტრუქცია შენარჩუნებული იყო.
ისტორიული დასახლებები, რომლებმაც ათასწლეულებს გაუძლეს, ართვინის პროვინციაში კაშხლების კასკადის მშენებლობას ეწირება. მთებზე გაიჭრა ახალი გზები, აშენდა გიგანტური ხიდები და კაშხლები, ახალი ქალაქი და სოფლები, გამოიკვეთა გვირაბები. როგორც ბუბა კუდავა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არც საქართველოსთვის და არც თურქეთისთვის პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. ისტორიკოსი ერთ-ერთია, რომელმაც არაერთხელ მოინახულა ეს ადგილები და პარხლის მფლობელი კავკასიძეების ციხის მთელი კომპლექსი შეძლებისდაგვარად აღწერა. მისი განმარტებით, თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოცდილება, რომ, მსგავს შემთხვევაში, შესაძლებელია ძეგლების დემონტაჟი და სხვაგან გადაადგილება, ან თუნდაც მხატვრობის ფრაგმენტების ჩამოხსნა და სხვა ქალაქში ან თუნდაც მუზეუმში გადატანა, თუმცა, ორივე მხარისთვის ყველაზე ადვილი მისი ჩაძირვა აღმოჩნდა.
ტაო-კლარჯეთი თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული რეგიონია, სადაც მესხეთის უმთავრესი ნაწილიც მოიაზრება. ესენია: შავშეთი, სპერი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი და სხვა, ასევე, სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის თურქეთში მოქცეული ნაწილები. ამ პროვინციათაგან ყველაზე დიდი ტაო გახლავთ, სადაც რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრია. მათგან გამორჩეული იყო ქალაქი იუსუფელი, რომელიც, ბოლო ათწლეულებში, რეგიონის ტურისტულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა. იუსუფელი მე-20 საუკუნეში წარმოქმნილი ქალაქია, რომელმაც რამდენიმე ძველი ქართული სოფლისა თუ უბნის ტერიტორია მოიცვა. ვეჟანგეთი, საფანეთი, კოწახურა, ახალთა, ჰამზეთი, ჭალა და მთელი ქალაქი უკვე წყალქვეშაა მოქცეული.
ჭოროხის ხეობაში კაშხლების კასკადის მშენებლობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ჭოროხსა და მის შენაკადებზე არაერთი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. წყლის დაგუბებას ისტორიული დასახლებები, ხიდები თუ ნახიდურები, მცირე ზომის სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები შეეწირა. ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეული იუსეფელის კაშხლის აგება გამოდგა.
,, ტაო-კლარჯეთის ტაძრები საუკუნეებია უმოქმედოდ დგას. მათ აწვიმდათ, ათოვდათ, ზიანდებოდა სახურავი, კედლები და საძირკველი-ხან ბუნებრივად, ხან კიდევ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მათი ნაწილი სამშენებლო მასალას ეშურებოდა, ზოგი განძის პოვნის ჟინით იყო შეპყრობილი, ზოგი კი განსხვავებული რელიგიის მიმართ შეუწყნარებლობით. ამ მიზეზების გამო, სულ მცირეა იმ ეკლესიების რაოდენობა, რომლებსაც მოხატულობის ფრაგმენტები შერჩა. რაოდენ დასანანია, რომ ამ მცირე რაოდენობას ეს ძეგლები გამოაკლდება. ერთი, ჭალის მხატვრობა უკვე დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, XIV-XV საუკუნეებით თარიღდებოდა. შედარებით უკეთ დაცული კავკასიძეების ციხის ეკლესიის მხატვრობა კი XII-XIII საუკუნეებისაა და ისიც სულ მალე წყლის ქვეშ აღმოჩნდება. მასთან ერთად გაქრება ათეულობით ძველი ქართული ნაკაწრი წარწერა, რომლებიც დამწერლობის სამივე სახეობით- ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით არის შესრულებული და მხატვრობის შემდგომი პერიოდით თარიღდება“,- აღნიშნა ბუბა კუდავამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
საუკუნეების წინ, ტაოს პროვინციას პარხალი ერქვა და ის ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული. ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის ექსპედიციის დროს, ჯერ კიდევ არაერთ სოფელში ქართულად საუბრობდნენ, დღეს კი აქ ქართულად აღარავინ საუბრობს. ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის ექსპედიციის ანგარიშში ერთადერთი ინფორმაციაა დაცული, რომელიც კავკასიძეების ციხეს უკავშირდება. ისტორიკოსი, წიგნში „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო, წარწერით: „ციხე მდინარე ოთხთა ეკლესიის – წყლის მარცხენა ნაპირზე.“ ამავე წიგნში დამოწმებულია ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული.
2003-2005 წლებში, ქართველი მეცნიერების-ბუბა კუდავას, ბონდო კუპატაძის, გოჩა საითიძის, საბა სამუშიასა და გიორგი კალანდიას ძალისხმევით, დადასტურდა, დაზუსტდა და შესწორდა ექვთიმე თაყაიშვილის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, გაირკვა დღემდე უცნობი დეტალები, გაკეთდა ციხის კომპლექსისა და მისი ტაძრის ზოგადი აღწერილობა და სხვა. გადმოცემის თანახმად, ამ ციხის ქვევით გადიოდა იერუსალიმისკენ მიმავალი გზა, ამიტომ კავკასიძეებს იერუსალიმის გზის მცველებად მოიხსენიებდნენ.
ისტორია კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და საიტერესო ამბებს მოგვითხრობს, თუმცა, ამიერიდან, ეს ისტორია მხოლოდ ფურცლებზე დარჩება და ისტორიულ ძეგლებს შთამომავლობას მხოლოდ ,,ციფრული ასლების“ სახით შემოვუნახავთ. სამწუხაროა, რომ ტაოს დიდებულ ისტორიას წყალში ვძირავთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობა კი ორივე მხარემ თავიდან აიცილა.
ლიკა მაჩხანელი