20 წელი ,,Art-გენთან“ ერთად – 2023 წლის საიუბილეო ფესტივალი 20 ივლისს იწყება

,,Art-გენი 2023“-ის თბილისის ტური 20 ივლისიდან იწყება. ფესტივალის თბილისის ტურს, ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. მე-20 საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ფესტივალი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს პირდება. Art-გენი 2023 -ს „სუხიშვილები“ გახსნიან.

ფესტივალი რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ღონისძიება, 1 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს კი რუსთავში გაიმართა.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის მანძილზე , „Art-გენმა“, მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფისა და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას მაქსიმალურად ხელი შეუწყო. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, ფართო აუდიტორიამ არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო.

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი  რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ფესტივალის ლოკაციის ადგილებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს.


პოდკასტი