,,სამოსი სამშობლო“- ამერიკაში ქართველი ემიგრანტები მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადებიან

30 ივლისს, ამერიკაში კიდევ ერთი ქართული მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. ,,სამოსი სამშობლო“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ჟურნალისტი და პოეტი ლელა ნინუა ჩაუდგა სათავეში. პოდიუმი ასაკისა და დიზაინერის გარეშე, 30 მონაწილე, გამოფენა, პრეზენტაცია, საუკეთესო სტუმრები, ძვირფასი საჩუქრები და, რაც მთავარია, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების ერთიანობა-  ყველაფერი ეს პროექტის ნაწილია, რომელსაც თითოეული მათგანი განსაკუთრებულად ელოდება. ეს დღეს იქნება სიყვარულის, მონატრებისა და ემოციების გაზიარების ზეიმი,  დღე, რომელიც არცერთ მათგანს  არ დაავიწყდება, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქ, შორეულ ამერიკაში, სადაც ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავთ, ასეთი ერთსულოვნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

მედია სააგენტო ,,24“ ლელა ნინუას ამერიკაში დაუკავშირდა და მასთან და რამდენიმე მონაწილესთან ინტერვიუ ჩაწერა. ლელა ნინუა უკვე რამდენიმე წელია, თავის ორ შვილთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს, და, ამ წლების განმავლობაში, არაერთი აქტივობის მთავარი მოტივატორი იყო. ყოველთვის  თავს არიდებს ამაზე საუბარს, არ უყვარს საკუთარ თავზე ხმამაღლა ლაპარაკი, თუმცა, ამჯერად, საუბარი ღონისძიებას მაინც გაცდა.

ლელა ნინუა, მაია წულაია, დალი ჭიკაძე და მარი მღერიშვილი ღონისძიების შესახებ, ამერიკულ და ონლაინ ცხოვრებაზე, მონატრებაზე, ერთმანეთის გვერდში დგომაზე, სიყვარულზე და ემოციებზე უფრო მეტს მოგვიყვებიან.

ლელა ნინუა: ,,როცა პანდემია დაიწყო და არ ვიცოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით, მაშინ სამშობლოს შეგრძნება, მონატრება და სიყვარული უფრო მეტად გამძაფრდა. იდეა, ,,სამოსი სამშობლოსი“, ვაჟა-ფშაველას შთამომავალს, ლელა რაზიკაშვილს ეკუთვნის. ის მასთან საუბრისას დაიბადა. სამშობლო ხომ მარტო ტანსაცმელი არ არის, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ადათ-წესები, ჩვენი კულტურაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტის განხორციელება“.

იდეა პროექტად იქცა. მაშინ, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, ლელა ნინუამ პროექტის განხორციელება მაინც შეძლო. ფილადელფიაში, პატარა ქართულ რესტორანში ემიგრანტებს თავი მოუყარა და ერთი ლამაზი ქართული საღამო ერთად გაატარეს.

ლელა ნინუა: ,, ღონისძიებაზე, ქართველი დიზაინერის, იანა გეგუჩაძის გამოფენა გაიმართა. იგი ნიუ-იორკში ქართულ სამოსზე მუშაობს. ღონისძიების ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა თავიანთი ნაკეთობები წარმოადგინეს. საღამოზე მოწვეული გვყავდა ორი მაესტრო- ირაკლი შარაძე და ლევან შენგელია. მათთან ერთად ჩვენმა მონაწილეებმაც მიიღეს მონაწილეობა. საოცარი სანახაობა იყო ანსამბ ,,ერისიონის“ სოლისტის სალომე ბიბინეიშვილის სცენაზე გამოსვლა, რომელმაც საღამო თავის პატარა შვილთან ერთად გახსნა. ეს იყო დღე ერთობის, სამშობლოს მონატრებისა და შეგრძნება იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ“.

საღამოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითოეული ემიგრანტისთვის ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა, ისეთი, დღემდე რომ მოჰყვებათ ემოციები. სწორედ ამიტომ, ლელა ნინუამ დაიწყო ფიქრი, რომ კიდევ ეცადა, კიდევ გაეერთიანებინა ქართველები, კიდევ ახალი ემოციებით დაეტვირთა საქართველოს მოწყვეტილი ემიგრანტები და  ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა. გიორგი ალთუნაშვილს, რომელიც მისი მრავალი წლის მეგობარი, სატელევიზიო რეჟისორი და მემონტაჟეა, ბანერის გაკეთება სთხოვა; დაიწყო სპონსორების მოძიება, რომლებიც მხოლოდ და  მხოლოდ, მონაწილეების საჩუქრებზე იზრუნებდნენ; ჟიურისა და მონაწილეების შეკრება და სხვა ტექნიკური დეტალების მოგვარება.

ლელა ნინუა: ,, წელს 30- მდე მონაწილე გვყავს , რომლებიც განსაკუთრებით ემზადებიან. იქნება უამრავი სიურპრიზი. მონაწილეები გამოვლენ ქართული სამოსით და ისინი თავიანთ თავს პროფესიული კუთხით წარმოადგენენ. ზოგი ექიმის  თეთრი ხალათით, ზოგი კი ბანკირის ჩაცმულობით გამოვა. თითოეული მათგანის გამოსვლა იქნება პერფორმანსი. მონაწილეებს შორის იქნებიან 3 წლიდან 85 წლამდე ასაკის ემიგრანტები და  მათ შორის 9 თვის ორსული. ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ლაშა მძინარაშვილსა და გიორგი ნიკოლაიშვილს, რომლებიც საღამოს გაგვილამაზებენ. ასევე, ნუცა შანშიაშვილს, ნინი წიკლაურს, ალექსანდრე ზაზარაშვილს, ანსამბლ ,,ელვას“, რომელიც ანსამბლ ,,ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავეებისგან შედგება და ამჟამად ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობენ.

მადლობა მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილს, რომელმაც ბრინჯაოს ნაკეთობები ყველა მონაწილისთვის შექმნა, ყველა იმ სპონსორს, რომლებიც დაუფიქრებლად დაგვიდგნენ გვერდში, რათა ჩვენი მონაწილეები საუკეთესო საჩუქრებით გაახარონ და მადლობა თითოეულ ჟიურის წევრს, რომლებიც გვერდში მიდგანან. ჟიურის წევრები  ის ადამიანები არიან, რომლებიც  ქართველ ემიგრანტებს განსაკუთრებულად გვერდში უდგანან.

თამარა მოსიძე 23 წელია ამერიკაში ცხოვრობს და, უანგაროდ, ყველანაირი აფიშირების გარეშე ეხმარება ყველას. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ძლივს დავითანხმეთ, რომ ჟიურის წევრი და პროექტის დირექტორი ყოფილიყო, ბრინჯაოს მედლებიც სწორედ მისი დაწესებულია; ჩვენი ნუცა შანშიაშვილი; თამრიკო დავითაშვილი, რომელიც პირველი ქართველია, რომელიც წარმატებულ ემიგრანტებს, ნიუ-იორკის მერიასთან ერთად, ყოველწლიურად აჯილდოებს; საემიგრაციო ადვოკატი ნონა თილი, რომელიც, საემიგრაციო საკითხების საჭიროებების მოგვარებაში, ყველა ქართველს ეხმარება და ჟიურის მთავარი თავმჯდომარე, ამერიკელი ვიქტორ სირელსონი, რომელიც თავის მეუღლესთან, ლიკა სირელსონი-ბახტაძესთან ერთად განსაკუთრებით ზრუნავს ეროვნული კულტურის განვითარებაზე”.

ლელა ნინუამ ვიქტორ სირელსონის შესახებ ერთი საინტერესო ისტორია მიამბო. იგი, 28 წლის წინ, ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობდა, როდესაც მატარებელში, რომელიღაცა ვაგონიდან ქართული მრავალხმიანი სიმღერა შემოესმა. შევიდა იმ ვაგონში და ქართველებს გაეცნო. სწორედ მაშინ გაიგო ჩვენი ქვეყნის არსებობის შესახებ და მას შემდეგ საქართველოს გარეშე ერთი დღე არ უცხოვრია. შეისწავლა ქართული ფოლკლორი და  მეუღლესთან ერთად პირველი ქართული ცენტრიც დააარსა. სწორედ ამ ცენტრმა გამოზარდა არაერთი ანსამბლი და სხვა კულტურის ცენტრები. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი,  რაც კი გააჩნია, ქართული კულტურის განვითარებაში ჩადო, რადგან ემიგრანტმა ბავშვებმა, რომლებიც იქ დაიბადნენ ან ახლა ჩადიან, არ მოწყდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ენას და იცხოვრონ ,,პატარა საქართველოში“.

როგორც ლელა ნინუამ აღნიშნა, საღამოს საკონსულოს წარმომადგენლები და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ( ინწკირველი) დაესწრებიან. დედაოები კი მონასტერში შექმნილ ხატებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს გამოფენაზე წარმოადგენენ. ღონისძიებაზე, პირველი ადგილის მფლობელს  მხატვარ-დიზაინერის მაქს მეირ შავითის მიერ დაწესებული პრიზი, ულამაზესი ქართლის დედა, სხვა მონაწილეებს კი არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი გადაეცემა. მთავარი პრიზი კი თამარა მოსიძეს ეკუთვნის, რომელიც, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ასევე, მაია წულაია, ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ამერიკაში პატარა, ქართული კაფე აქვს. კაფეში ყველაფერი ქართულია და ქართველები იქ ხშირად იკრიბებიან. მაია წულაია ერთ-ერთ მონაწილეს განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს.

მაია წულაია: ,, ნამდვილად საოცარი სანახაობა იქნება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ლელას გვერდში დავუდექით, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება. თუ არა ემიგრანტებმა, აბა ვინ უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე? ძალიან სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ“.

მაია წულაია 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკამდე ესპანეთში ცხოვრობდა. ორივე ქვეყანაში ნულიდან დაიწყო ცხოვრება და, დიდი შრომის ფასად, მაინც მოახერხა ფეხზე წამოდგომა. დღეს  საქართველოს სტუმარ-მასპინძლობას, ადათ-წესებს, ღირშესანიშნაობებს, კულტურას ამერიკელებს აცნობს და ყოველთვის ცდილობს ქართველებს გვერდში დაუდგეს.

,,მე თავად ისეთ ოჯახში დავიბადე,  სადაც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა იყო. დასავლური სტუმრის მიღება და გასტუმრება, რაც ჩემში გამჯდარია, აქ ძალიან მეხმარება.  ვცდილობ ყველა სტუმარი, რომელიც ჩემთან მოდის, ბოლომდე კმაყოფილი გავისტუმრო. ძალიან სასაცილოდ, მაგრამ მაინც ვუხსნი, თუ როგორ უნდა მიირთვან თუნდაც ხინკალი. ყოველთვის კმაყოფილები რჩებიან ჩემთან მოსული ამერიკელები. მე ვთვლი, რომ ნამდვილად ვემსახურები იმას, რომ ჩვენი სამშობლო წარმოვადგინო ამ უცხო ქვეყანაში“.

მაია წულაია ქართველებს ხშირად საბანკო საქმეშიც ეხმარება. ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ყველაზე წარმატებულ რეიტინგულ ბანკში მუშაობს.

,,ჩემთვის ყველაზე საამაყოა, რომ ახალჩამოსულ ქართველებს ყველანაირად ვეხმარები, რაც შემიძლია. მექსიკიდან შემოსულებსაც ხშირად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. აქ ბევრი არ ამხელს ხოლმე, რომ ქართველია, მაგრამ მე, სანამ ჩემამდე მოვლენ, მაშინვე ქართულად ვესალმები. არასდროს მავიწყდება, რა გამოვიარე და რას ნიშნავს მარტოობა უცხო ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართველები ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ“.


დალი ჭიკაძე პროექტში მეორედ მონაწილეობს. კარგად ახსოვს ის ემოციები, რომელიც პირველი ღონისძიებისას მიიღო. ამიტომ, მისთვის ორმაგი მოლოდინია, რადგან ზუსტად იცის, რომ წინ ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები ელოდება.

დალი ჭიკაძე: ,,მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს. პირველ ღონისძიებაზე, არა მარტო მე, არამედ თითოეული მონაწილე და სტუმარი ისეთი ემოციებით დავიმუხტეთ, რომ დღემდე არ გვავიწყდება. პატარა დარბაზში პატარა საქართველო გვქონდა და იქ უცხო ერთმანეთისთვის არავინ ვიყავით, ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით და ვუზიარებდით ჩვენ სიხარულს. ეს იყო ნამდვილი ერთსულოვნება და, დარწმუნებული ვარ, ამ საღამოზეც დიდი ერთსულოვნება იქნება. თითოეული ჩვენთაგანისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ჩვენ ეს განსაკუთრებულად გვჭირდება, რადგან ის მონატრება, რომელიც საქართველოს მიმართ გაგვაჩნია, ერთმანეთით ვივსებთ. ეს ნამდვილად აუცილებელია“.

დალი ჭიკაძე ამერიკაში 9 წლის წინ ჩავიდა. მას შემდეგ საქართველოში არასდროს ყოფილა. შვილიშვილები, რომელიც მის არყოფნაში დაიბადნენ, ჯერ არ უნახავს, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფერს ნაკლებად უმტკივნეულოდ შეხედოს. მან, ხუმრობით, განსაკუთრებული სიტყვებიც კი დაამკვირდა ამერიკაში: ონლაინ დედა, ბებია, სიდედრი და დედამთილი.

ქართველი ემიგრანტი წელიწად-ნახევარია ტაქსი ,,უბერის“ ტაქსისტად მუშაობს, ყველაზე მაღალი შეფასებითა და არცერთი უარყოფითი კომენტარით.

დალი ჭიკაძე: ,, მანქანაში საქართველოს დროშა მაქვს ჩამოკიდებული  და აქ თითქმის ყველა მცნობს რომ ქართველი ვარ.  ვინც არ იცის,  მეკითხება რომ თქვენი ქვეყანა უდაბნოაო და, ბოლოს, როცა მათ საქართველოს ისტორიას ვაცნობ და ფოტოებს ვათალიერებინებ, გაოცებას ვერ მალავენ, რომ როგორი ლამაზი ქვეყანა და ლანდშაფტი გქონიათო. მე ვცდილობ, თითოეულ მათგანს ქართული ტრადიციები,  კულტურა, საჭმელი და სხვა ყველაფერი გავაცნო. აქაც ყოველთვის მივასწავლი რომელ ქალაქში რომელი ქართული რესტორანი და კაფეა“.

  • რამდენად საინტერესოა ეს პროფესია თქვენთვის?
  • საინტერესოც არის, ცოტა რთულიც, ხანდახან უფრო დაძაბულიც, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, საინტერესო. უამრავ ამერიკელს ვხვდები და ყოველთვის საქართველოზე ან ამინდზე ვსაუბრობთ. მიხარია, რომ ძალიან ბევრმა იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ, ზოგი ნამყოფიც არის, ზოგს სტუდენტი ჰყავს საქართველოში. ბევრი სახალისო ისტორიები ხდება ყოველდღიურად.

მარი მღებრიშვილი 30 მონაწილედან ყველაზე ემოციურია, ყველაზე ბევრს ნერვიულობს და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ემზადება. სულ აქტიურობს, ცდილობს ლელა ნინუას გვერდში მაქსიმალურად დაუდგეს და, შეძლებისდაგვარად, დაეხმაროს.

მარი მღებრიშვილი: ,, ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. საერთოდ, ძალიან მიყვარს, როცა ერთსულოვნებაა ქართველებში. მოგეხსენებათ, ყველაფერი მონატრებასთან არის დაკავშირებული. 11 წელია აქ ვიმყოფები და, ამ პერიოდში, არცერთხელ არ ვყოფილვარ საქართველოში. მადლობა ღმერთს, რომ შვილები ახერხებენ აქეთ ჩამოსვლას. ჩვენი ქვეყანა ისე მენატრება, რომ ეს საღამო ჩემთვის პატარა საქართველოში დაბრუნებას ნიშნავს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ საღამოს მაქსიმალურად საუკეთესოდ წარვდგე”.

  •  მარი, რამდენად ხშირად ახერხებთ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას?
  • ასეთი მასშტაბური ღონისძიება აქამდე ნამდვილად არ მახსენდება. ზოგადად, შეზღუდული არაფრით არ ვარ. თუკი ოდესმე იქნება მსგავსი შესაძლებლობები, მე არასდროს ვიტყვი უარს და არც ვამბობ.
  • რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საღამოები, შეხვედრები, ერთად გატარებული თუნდაც რამდენიმე წუთი?
  • რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ისეთი მონატრება გვაქვს, რომ ამაზე გადაგვაქვს ჩვენი მონატრება. მერე იცით, რამდენ ხანს მიგვყვება ეს ყველაფერი, ეს ერთსულოვნება?! თითქოს ყველა ერთი ხდება. ვერ გადმოგცემთ, ეს იმხელა ბედნიერებაა.
  • როგორია თქვენი ერთი ამერიკული დღე?
  • იქიდან გამომდინარე, რომ აქ უკვე 11 წელია ვიმყოფები, ძალიან განსხვავებულია, რომელსაც ვერ ვიტყოდი, მაგალითად, 2-3 წლის წინ, რადგან 24/7-ზე მიწევდა მუშაობა. ორ კვირაში ერთხელ მქონდა დასვენება და იმასაც გზაში ვატარებდი. ამ ეტაპზე, საათობრივად ვმუშაობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ვიცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორც საქართველოში ვცხორობდი. მეც ვემზადები ბებიობისთვის და მალე ერთ-ერთი ონლაინ ბებია ვიქნები.

როგორც უკვე გითხარით, ლელა ნინუა ამერიკაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და ისეთივე აქტიური გახდა, როგორიც საქართველოში იყო. ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი და პოეტი 2008 წლის მსოფლიო სენსაციის აღმომჩენია. ძალიან დიდხნიანი კვლევის შედეგად, გურამ გაბიწაშვილის ექსპედიციის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტალური არქეოლოგიით მოწამლული ჟურნალისტი დაკარგული ქალაქის აღმოსაჩენად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აკრძალულ ზონაში გაეშურა, სადაც, ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად, თამარ მეფის გზა, მეგალითური და ციკლოპური ნაგებობები და დიდი ადამიანების სამარხები აღმოაჩინა. იმ პერიოდში, ამ ფაქტმა მსოფლიო ინტერესი გამოიწვია. პირველად, ამერიკის დისქავერის ყველაზე პოპულარული წამყვანი  საქართველოში ჩამოვიდა და ლელა ნინუაზე ფილმი გადაიღო. არ დარჩენილა მსოფლიოს არცერთი არხი, რომელმაც მასთან სატელევიზიო ინტერვიუ არ ჩაწერა და, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ეს ფილმი ორ სამეცნიერო არხზე გადის.

საინტერესო იყო ლელა ნინუას ჟურნალისტური ცხოვრება საქართველოში. იგი ნამყოფია აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი.

ლელა ნინუა: ,, ამის შესახებ საქართველოში არავინ საუბრობს, რადგან ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დაარეკინეს ზევიდან და მე ვპასუხობდი- პირველ სართულზე ვცხოვრობ, ზევით სართულზე არავის არ ვიცნობ მეთქი. ეს არის ჩემი ტკივილი სამშობლოდან გამოყოლილი, მაგრამ ბედნიერი ვარ,რომ დღეს  ჩემს შვილებს დამრეკი ზევიდან არავინ არ ჰყავს და თავიანთი ,,დარეკილით“ ცხოვრობენ. ეს არის ჩემთვის მთავარი ღირსება, რომ სწორ გზაზე დამეყენებინა ისინი და, სადაც არ უნდა ვიყო, ვემსახურო ჩემ სამშობლოს. ამჟამად, სხვადასხვა  არხებისთვის ვამზადებ სიუჟეტებს, ვწერ ლექსებს და მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ნიჭიერ ადამიანს გავუკვალო გზა ჩემს ქვეყანაში. მე მაქვს კიდევ ერთი პროექტი, სახელწოდებით: ,,შენ გეტყვი პირველად“. პროექტის ფარგლებში, სცენაზე ნიჭიერი ბავშვები გამომყავს. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტიც ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება“.

ლელა ნინუას ვაჟები ამერიკაში რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ერთი შვილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს , 21 წლის ასაკში უკვე ექიმია, ერთ- ერთ საავადმყოფოში მუშაობს, 20 წლის ასაკში ნიუ-იორკის ასოციაციამ  მეცნიერის სტატუსი მიანიჭა და,  მცირე ასაკის მიუხედავად, კვლევის ჩატარებაც მოახერხა. რამდენიმედღიანმა ექსპერიმენტმა წარმატებულად ჩაიარა და ახლა უკვე დისერტაციაზეც მუშაობს. რაც შეეხება მეორე შვილს, იგი კალიფორნიაში ცხოვრობს  და, დიდი ალბათობით, ელიტარულ პოლიციაში, პროკურორის სტატუსით განაგრძობს მოღვაწეობას.

წინ 30 ივლისია და დიდი მოლოდინი იმისა, რომ, კიდევ ერთხელ, ერთსულოვნად იზეიმებენ ერთად ყოფნის დღეს. მედია სააგენტო ,,24“  თითოეულ მონაწილეს წარმატებას და საქართველოში მალე დაბრუნებას უსურვებს, იმ 21 საუკუნის საქართველოში, რომელსაც ბევრად ნაკლები ემიგრანტი ეყოლება.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი