ხელისუფლება ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
საქართველო დეკემბერში ევროკომისიის დასკვნას ელოდება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიიღოს.

საქართველო დეკემბერში ევროკომისიის დასკვნას ელოდება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიიღოს.
ევროკომისიამ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, 12 მოთხოვნა დაუწესა, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა.
“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ კი გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ელიტური კორუფციის შემთხვევებს ეფექტიანად გამოიძიებს“, – ვკითხულობთ ევროკომისიის დასკვნაში.
მმართველმა პარტიამ აღნიშნული რეკომენდაციის დაკმაყოფილება და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა გადაწყვიტა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროს “ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად შექმნის, რომლის მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს კი 6 წელის ვადით, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, საკონკურსო კომისია შეარჩევს და პრემიერს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული სამსახური ამჟამად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია, რომლის დამოუკიდებლობასაც ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ანტიკორუფციულ ბიუროს “ქართული ოცნება” სათავისოდ ქმნის და ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება, ვინაიდან ბიუროს ხელმძღვანელს სწორედ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, რომელიც არაერთ კორუფციულ სკანდალშია მხილებული.
განსხვავებული პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ევროკავშირის 9 ქვეყანას უსწრებს წინ.
ინგა ფუტკარაძე

