მღვიმევის მონასტრის საუკუნოვანი ლოდი, რომელიც წლებთან ერთად იზრდება

​მღვიმევის დედათა მონასტერი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას ხეობაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მისი დაარსების ისტორია XIII საუკუნიდან იწყება და რაჭის ერისთავის, რატის სახელს უკავშირდება.

ფოტო: Georgian travel guide

​მღვიმევის დედათა მონასტერი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას ხეობაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მისი დაარსების ისტორია XIII საუკუნიდან იწყება და რაჭის ერისთავის, რატის სახელს უკავშირდება.

მონასტერი ჭიათურის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული სივრცეა, რომელსაც ყოველწლიურად, უამრავი მნახველი სტუმრობს. მონასტერში მისასვლელად ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე უნდა აიარო, თუმცა, ის სილამაზე, რაც ზემოთ დაგხვდებათ, ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

კიბის ავლის შემდეგ, გვირაბში შეხვალ, რომელიც ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელი და ლამაზია. მისი გადახურვა კი, საყრდენი თაღებით არის შემაგრებული.

გვირაბის გავლის შემდეგ, მღვიმევის მღვიმის შუაგულში შედიხარ, სადაც კლდიდან ანკარა წყარო უწყვეტად მოედინება, მისი დალევა ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია. სწორედ ამ წყაროს წყალობით, იქვე, საუკუნეების განმავლობაში “წამოწოლილი” ბუნებრივი ლოდი, მილიმეტრობით იზრდება. ეს სანახაობა კი, ბუნების ნამდვილი შედევრია. ​

 

სადღესასწაულო წირვა, სწორედ ამ გარემოში ტარდება, ცის კიდესთან, ბუნებასა და ღმერთთან ახლოს.

ფოტო: Georgian travel guide

სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ნაგებობის ფასადი მოჩუქურთმებულია და სწორედ ამიტომ, თვალისმომჭრელად გამოიყურება. ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომლის ზედა ნაწილში, მაცხოვრის ცხოვრების მთავარი ეპიზოდებია წარმოდგენილი.

ტაძარში კედლის მხატვრობაც არის შემორჩენილი. აქედან ერთ-ერთი კი, XIII საუკუნეში, მონასტრის დამაარსებლის, რატის (რაჭის ერისთავის) და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებია.

​მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა. რომლის ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. სხვა არქიტექტურული ნაგებობები კი, სამრეკლო და მონაზონთა სენაკებია, სადაც დედაოები ცხოვრობენ.

​მღვიმევის მონასტერში უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი ინახებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმებს ამშვენებს. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. 2006 წლიდან, ის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.

 

ფოტო: Georgian travel guide

ავტორი: სალომე ხომასურიძე


რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

ფემიციდის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ევროვიზია 2023-ზე დღეს, საქართველოს წარმომადგენელი წარდგება

პოდკასტი