ერთადერთი კურორტი, სადაც ოთხი სხვადასხვა ტიპის მინერალური და თერმული წყალი მოიპოვება

საირმე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში მდებარეობს. კურორტი ცნობილია არა მარტო წიწვოვანი, ფოთლოვანი ტყეებითა და მთის კლიმატით, არამედ სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით. ეს ერთადერთი კურორტია, სადაც ოთხი სხვადასხვა ტიპის მინერალური და თერმული წყალი მოიპოვება და ყველა მათგანი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ლეგენდის მიხედვით, წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ, რის გამოც ამ ადგილს საირმე უწოდეს.

ირმების წყაროდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით, მწყემსებმა  კიდევ ერთი უცნაური ადგილი შეამჩნიეს, სადაც ბალახი მუდამ მწვანე იყო, თოვლი სწრაფად დნებოდა, ხოლო წვიმის შემდეგ მიწა რამდენიმე წუთში შრებოდა. როგორც გაირკვა, ამ საოცრების მიზეზი  თერმული აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური მინერალური წყალი იყო, რომელიც 1920-იან წლებში  გეოლოგებმა აღმოაჩინეს, ადგილს კი უდაბნო დაარქვეს.

საირმის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. მინერალური წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა კი ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება. 1912 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა გაბრიელ კელენჯერაძემ საირმეში აღებული ნიმუშები პეტერბურგში წაიღო გამოსაკვლევად. აღმოჩნდა, რომ წყალი, სამკურნალო თვისებებით, იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმულ სხვა მინერალურ წყლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

XX საუკუნის 30-იან წლებში, საირმეს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. ამ პერიოდში, აშენდა სანატორიუმები, დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვა და გაკეთდა საავტომობილო გზა, რომლითაც კურორტი ბაღდათს დაუკავშირდა. 1945 წელს კი საირმის წყლის ქარხნული წესით ჩამოსხმაც დაიწყო.

საირმის კურორტის გამაჯანსაღებელი ცენტრი რამდენიმე წლის წინ განახლდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.

აქ შეგიძლიათ  უამრავი სახის გამაჯანსაღებელი თუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურით ისარგებლოთ. ასევე, ღია და დახურული აუზით, მშრალი და სველი საუნითა და მარილის ოთახით, რომელიც  ფილტვების გასაწმენდად საუკეთესოა. ყველა ეს პროცედურა  თერმული წყლებით სრულდება.

 

ნიკოლოზ ხუციშვილი


პოდკასტი