წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, სადაც 9 ძმისთვის 9 ჯვარია აღმართული
ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე,ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ის ყველა სხვა სალოცავისგან განსხვავებულია და არაერთ ლეგენდასთან ასოცირდება. ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა ზომის ჯვრები, სალოცავი ხატები და ღია სალოცავიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები ცხრაჯვარს განსაკუთრებულს ხდის. ჯვრების სიმრავლიდან, უზარმაზარ კლდოვან ლოდზე მდებარე ოქროს ჯვარი გამოირჩევა, რომელსაც ქართული ჯვრისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს. ცენტრალური ჯვარი განცალკევებით, დიდ კლდოვან ლოდზეა განთავსებული.
სალოცავამდე მისასვლელი ბილიკის სიგრძე დაახლოებით 2 კილომეტრია. სალოცავი გარშემორტმულია მცირე კედლით.
სალოცავთან ახლოს უნიკალური და საქართველოს ერთ-ერთი უახლესი აღმოჩენა – ცხრაჯვარის მღვიმე მდებარეობს. ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე, უნიკალური ფორმის სტალაქტიტური და სტალაგმიტური წარმონაქმნებით გამოირჩევა. მას საკმაოდ ვიწრო და რთული შესასვლელი აქვს. მღვიმის სიგრძე 460 მეტრია და რამდენიმე დარბაზს მოიცავს.
ცხრაჯვარის სალოცავზე ორი ლეგენდა არსებობს. ერთი ლეგენდის თანახმად, მამამ ომში ცხრა ვაჟი გააგზავნა და მათი შინ მშვიდობით დაბრუნებისთვის, სალოცავის აგება გადაწყვიტა. ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე, თითოეული შვილის სახელზე, საკუთარი მხრებით აუტანია 9 ჯვარი და სალოცავი გაუკეთებია. საბედნიეროდ, ღმერთმა მამის თხოვნა შეისმინა და ცხრავე ვაჟი მშობელს უვნებელი დაუბრუნა სახლში.
მეორე ლეგენდა კი ძმებ სოფრომიანებს უკავშირდებათ. ძმებმა სვანეთში თავადი მოკლეს, ოკრიბის პატარა სოფელში მიიმალნენ, გვარი სოფრომაძედ გადაიკეთეს და ოჯახები შექმნეს. გადმოცემის თანახმად, მათი ყველა შთამომავალი პატარა ასაკში იღუპებოდა. ამ ყველაფრით შეშინებული მოსახლეობა, ღია ცის ქვეშ სალოცავად შეკრებილა და ღმერთისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე და სალოცავს იქ ავაგებთ, სადაც ეს აფრენილი მტრედი დაჯდებაო. მტრედი უხუცესმა სოფრომაძეებმა ააფრინეს, რომელიც სწორედ ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე დაფრენილა.
მათ პირობა შეასრულეს, მთაზე საკუთარი ხელით აიტანეს ჯვრები და სალოცავი გააკეთეს. სოფრომაძეებს, სალოცავის დასრულების აღსანიშნად, იქვე ნადიმი გაუმართავთ, თუმცა ქეიფში ერთმანეთი დაუჭრიათ. მოგვიანებით, როცა გამოფხიზლდნენ, მუხლებზე დამხობილები უფალს შეევედრნენ, რომ ეს საქციელი მათთვის ეპატიებინა. მას შემდეგ, ყოველი მაისის ბოლო შაბათს, როდესაც ცხრაჯვარობა აღინიშნება, სოფრომაძეები ერთად ლოცულობენ და ხორცს არ ჭამენ.
სინამდვილეში, არავინ იცის სალოცავის ამ ორი ისტორიიდან რომელია ცხრაჯვარის ნამდვილი ლეგენდა.
იმერეთში, განსაკუთრებით კი ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში, ცხრაჯვარობას ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს აღნიშნავენ.