სტუ-ს სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფი მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილე გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქვაწრიანი და ქვაყრილიანი გორასამარხების სამაროვანს მიაკვლია, რომელიც, სკვითური ეპოქით ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით თარიღდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი 2 სამარხი შეიწავლეს, უშუალო მონაწილეობა მიიღეს, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის დაგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმედასა და სამარხების პრეპარაციაში.

არქეოლოგიურ გათხრებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფს კი სტუ-ის არქეოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი, არქეოლოგი გიორგი კვირკველია ხელმძღვანელობდა.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, აქეოლოგიურ ექსპედიციაში სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებთან და ცნობილ არქეოლოგებთან ერთად, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების სამივე საფეხურის 45 სტუდენტი იყო ჩართული. დეკანის თქმით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებულები და კარგად ეკიპირებულნი იყვნენ.

,, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება წლევანდელი ზაფხული, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები ამ ზაფხულს კიდევ ერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში“,- აღნიშნა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი ადრეშესწავლილი გორასამარხისა და ნაწილობრივ დაზიანებული სამაროვნის გადარჩენა, ასევე, ძეგლის შესახებ გავრცელებისა და სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო.

აღმოჩენილი პირველი სამარხის შიდა სივრცეში, თანდათანობით დაღრმავების პროცესში, გაფანტული ინვენტარი არ გამოვლენილა, რაც ძეგლის გაძარცვაზე არ მიანიშნებს, თუმცა დიდი ზომის ქვების ჩაწოლის გამო, მიცვალებულის თავის ქალა და ქვედა კიდურის ძვლები, ასევე, სამარხისეული ინვენტარი ძლიერ არის დაზიანებული. ძვლების განლაგების მიხედვით, ახალგაზრდა ინდივიდი სამარხში მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ იყო ჩასვენებული.

პირველ სამარხში ექსპედიციამ  შემდეგი არქეტიპები: თიხის კათხა, ხელადა, თიხის დოქი, ობსიდიანის ანატკეცი, ბრინჯაოს სკვითური ისრისპირები, რკინის სატევრის ფრაგმენტი, რკინის ღეროს 3 ფრაგმენტი და ალებარდის ნაშთი, მეორეში კი თიხის ქილა და ორი თიხის დერგი აღმოაჩინა.

0.35 – 0.40 მეტრზე დაღრმავებისას, იმავე სამარხისეულ ორმოში აღმოჩენილი მეორე სამარხის კონტური არ იკითხება.

,,სამეცნიერო დასკვნები აღმოჩენილი მასალის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გაკეთდება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამაროვნის ეს მონაკვეთი, გამოვლენილი სამარხისეული კომპლექსების მიხედვით, სკვითური ეპოქით, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების ფუნქციონირების დროს ასახავს. ეს არქეოლოგიური გათხრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის – მომავალი არქეოლოგებისთვის აღმოჩნდა“,- აღნიშნა სტუ-ის მაგისტრანტმა გიორგი კვირკველიამ.

როგორც ცნობილია, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.


ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

სტუდენტები ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

პოდკასტი