სტუდენტური პროტესტი გრძელდება – რექტორები იცვლებიან, კორუფცია რჩება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. საუკუნეების და წლების შესაბამისად პროტესტის ფორმა და მოთხოვნები იცვლება, თუმცა უნივერსიტეტი რჩება სტუდენტების პროტესტის ერთი დიდ სავანედ.

თსუ-ს პირველი კორპუსი

დღეს, 21-ე  საუკუნეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კვლავ პროტესტის ტალღა ტრიალებს. ამჯერად, საქმე უნივერსიტეტის შიდა პრობლემებს ეხება – რექტორის არჩევის წესს, მოუწესრიგებელ სტუდენტურ საცხოვრებელს.

უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა გიორგი შარვაშიძემ ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა. რექტორის გადადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე კი, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თსუ -ს ბუღალტერი დააკავეს. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე 165 000 ლარი გადარიცხა. საქმეზე გამოძიება 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს, თუმცა, უნივერსიტეტში არსებულ ყველა პრობლემაზე ინფორმაცია დღის სინათლეზე ერთიანად გიორგი შარვაშიძის გადადგომისას გამოვიდა.

რა კავშირია რექტორის გადადგომასა და სტუდენტურ პროტესტს შორის, ან რექტორის შეცვლა მოაგვარებს თუ არა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს, იკვეთება თუ არა უნივერსიტეტის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც დრო გვიჩვენებს.

პოლიტოლოგი  არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის უმთავრესი პრობლემა კომუნიკაციის დეფიციტია, რაც ყოველთვის არსებობდა და არის ახლაც.

“რექტორსა და სტუდენტებს შორის კავშირი ფაქტობრივად არ არის. როგორც წესი, არც იმ პროცესებზე არის რექტორი ინფორმირებული, რაც უნივერსიტეტში ხდება. კომუნიკაციის დეფიციტი უნივერსიტეტში ყოველთვის იყო, აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ ადამიანი რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ბუღალტერიაში და დიდი სახსრები მიითვისა, ვერ გამოააშკარავეს. ეს ადამიანი იქ მუშაობდა არა მხოლოდ დღევანდელი რექტორის, არამედ სხვა რექტორის პერიოდშიც. სამწუხაროდ, ადმინისტრაციაში არის სერიოზული პრობლემები, მაღალ ეშელონებში და რექტორის შეცვლა-გამოცვლით ეს საკითხი არ გვარდება. ამას პრაქტიკაში ნათლად ვხედავთ,” – განუცხადა  მედია სააგენტო “24”-ს არჩილ სიხარულიძემ.

თითქმის ერთი წელია სტუდენტები სტუდენტური საცხოვრებლების საკითხის მოუგვარებლობას აპროტესტებენ. მათ პროტესტს ბუღალტერის მიერ ფულის გაფლანგვის ამბავიც დაემატა და გიორგი შარვაშიძემ რექტორის თანამდებობა დატოვა.

ბუნებრივად ისმის კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა სტუდენტური საცხოვრებლის მოწყობა და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს შარვაშიძის გადაყენების მიზნით ხელოვნურად მართული პროცესი ყოფილიყო?

თსუ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა ყველა უნივერსიტეტს მკაცრად აქვს გაწერილი საკუთარი ავტონომია. უნივერსიტეტს ევალება უზრუნველყოს საერთო საცხოვრებელი და თითოეული სტუდენტი დააკმაყოფილოს თუ ამის საჭიროება დგას. თუმცა, არჩილ სიხარულიძის შეფასებით, ზედმეტად პაცეფისტურია დამოკიდებულება, როცა ვითხოვთ რომ საერთო საცხოვრებლით ყველა სტუდენტი იყოს უზრუნველყოფილი.

“ეს წარმოუდგენელი და არარეალურია, არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ არსებობს”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტმა საბაზისო დონეზე უნდა უზრუნველყოს საერთო საცხოვრებელი, მერე უკვე სტუდენტებმა იქირაონ საცხოვრებელი ფართი და ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სტუდენტური საცხოვრებლიდან სხვაგან გადავიდნენ. თსუ-ს პასუხისმგებლობა არის ის რომ შექმნას შესაბამისი გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

“გიორგი შარვაშიძის მინუსი ამ ამბავში იყო ის, რომ მის პერიოდში აღმოჩნდა ფულის გაფლანგვის ფაქტი.  საქმე იმაშია, რომ კორუფცია თსუ – ში ყოველთვის იყო. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რექტორი გადადგა. უბრალოდ, ბატონ გიორგის არ გაუმართლა, რომ სწორედ მის პერიოდში გასკდა ეს კორუფციული სქემა. მას სავარაუდოდ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება და თუ არ მოსთხოვეს, თვითონაც უნდა გადამდგარიყო, ყველა შემთხვევაში”, – განუცხადა “24”-ს არჩილ სიხარულიძემ.

სტუდენტური პროტესტი ახლა რექტორის არჩევის წესსაც ეხება. ახალგაზრდები უნდობლობას გამოხატავენ და სჯერათ, რომ ეს პროცესი მთავრობის მიერ არის მართული.

ექსპერტი იზიარებს მოსაზრებას, რომ ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ის, მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მთავრობისთვის კი, მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტი მათ მიმართ დადებითი განწყობების მქონე პირებით იყოს დაკომპლექტებული.

მედია სააგენტო “24” სტუდენტური ორგანიზაცია “მაისი სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს საბა ქერქაძეს ესაუბრა, სტუდენტური მოძრაობა მარტის შემდეგ სტუდენტური საცხოვრებლების კეთილმოწყობას ითხოვს, დღეს უკვე მათ მოთხოვნებს რექტორის არჩევის წესის შეცვლაც დაემატა. სტუდენტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ, რექტორის არჩევნებს კი მოჩვენებითს უწოდებენ.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის დანიშვნის პროცესი უსამართლო და უთანასწორო გარემოში წარიმართება. ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, რომელსაც არალეგიტიმური აკადემიური საბჭო მოჩვენებითი არჩევნების პროცესის შემდეგ დანიშნავს. ვერავინ გაბედავს, შეეწინააღმდეგოს მათი პარტიული “ბოსების” სიტყვას. თეა წულუკიანის მიერ მოწონებულ და შერჩეულ კანდიდატს,  ჯაბა სამუშიას, უკვე რამდენიმე დღეა ულოცავენ მეგობრები და ახლობლები რექტორის თანამდებობის დაკავებას. არადა ჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია. ვითხოვთ,  შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი”, – აცხადებს საბა ქერქაძე. 

შეიცვლება თუ არა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის მისვლის შემდეგ  ვითარება, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა – ჯაბა სამუშიამ შეიტანა და 30-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით, 6 თვის ვადით აირჩია.
კენჭისყრის პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ნახევარწლიანი ბრძოლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი არ ცხრება. 26 ოქტომბერს, სტუდენტური პროტესტის ფონზე წარიმართა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო სხდომა. მაისის სტუდენტური მოძრაობა უკვე ნახევარი წელია სახელმწიფოსგან მრავალადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას ითხოვს. ამის მიუხედავად, 2023 წლის ბიუჯეტშიც არ არის ნახსენები სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის განკუთვნილი ფინანსები. უფრო მეტიც, როგორც “24”-ს საბა ქერქაძემ განუცხადა, საცხვორებლისთვის განკუთვნილი დაფინანსება ყოველწლიურად მცირდება, საბინაო კრიზისი კი ყოველთვიურად ღრმავდება და ბინის ქირაც მუდმივად იმატებს.

სტუდენტების აზრით, სახელმწიფო უკუპროპორციულად მოქმედებს, მათი ქმედება ანტისახალხოა და მიმართულია ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებისკენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს ამ პრობლემების საჯაროდ განხილვას და მოგვარების გზების მოძიებაზე მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, თუმცა, სტუდენტურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ  ყოველი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, ეს სიტყვები უბრალოდ ტყუილ დაპირებად რჩება და მხოლოდ, წინასაარჩევნო პოპულიზმისთვის არის განკუთვნილი.

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი