ბავშვები ემიგრაციაში – 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სწავლა 5 508 ბავშვმა შეწყვიტა

2022 წელს, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო, საქართველოში 5 508 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, 2013-2022 წლებში მოამზადა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც ქართული სკოლები ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო დატოვა, გაორმაგებულია.  სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში, ბავშვების რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს. მონაცემები კი ასე გამოიყურება:

  • 2020 წელი – 1358 ბავშვი.
  • 2021 წელი – 2698 ბავშვი.
  • 2022 წელი – 5 508 ბავშვი.

როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი კვლევაში წერს, შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლის დასრულებას, ეს დიდწილად სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (76%), ყველაზე დაბალი კი  კახეთისა (42%) და გურიის (47%) რეგიონებში.

ქვეყნიდან გასულთა მონაცემებს ყოველ წელს საქსტატი აჯამებს. კვლევის შედეგად ცნობილია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში, საქართველოდან ემიგრაციაში  87 222 ადამიანი წავიდა, 244 966 ადამიანმა კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა.  რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიის შემდეგ, სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან.

2023 წლის მარტში, NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.

მათი რიცხვი კი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და მისი გამოგზავნილი ფულით ინახავს ოჯახს, 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა.


პოდკასტი