ვინ იყო თამუნია წერეთელი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად

,, ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,

თამარს ვინ იტყვის-რა იყო მართლაც

თვითონ არ ვიცი, რა მიხარია,

თამარს ვინ იტყვის- მართლა რა არის!..

არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს,

თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,

თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია…

 და ,,მოდი- ნახეს“ ვარ პატიმარი.“

(ტიციან ტაბიძე: ,,თამუნია წერეთელს“, 1925 წ.)

 

1925 წელს, ცნობილმა მეწარმემ დავით  ქებაძემ  რუსთაველის გამზირზე მინერალური წყლების ახალი მაღაზია გახსნა და ქალაქში ხმა გავარდა: ამ მაღაზიაში მეპატრონემ 4 ულამაზესი გოგონა დაასაქმაო, მაღაზიის გახსნის მეორე დღესვე კი მთელი თბილისი თამუნია წერეთლის  განსაკუთრებულ სილამაზეზე ალაპარაკდა.

ზაფხული იდგა. ტიციან ტაბიძემ ოჯახი ბორჯომში წაიყვანა დასასვენებლად, თვითონ კი თბილისში დაბრუნდა. ერთ ცხელ დღეს, მეგობრებთან ერთად, იმ მაღაზიაში შეიარა. სწორედ იქ უნახავს პოეტს პირველად თამუნია წერეთელი, ქალი, რომელიც, შემდგომში, არა მარტო მისი, არამედ სხვათა მუზა და ოცნების ობიექტი  გახდა.

იოსებ გრიშაშვილი წერდა: ,,თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო. მისი გამოჩენა და ატყდებოდა ქუჩაში ჩოჩქოლი, აგერ თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა, პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო. როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გხვდებოდა“ .

გრიგოლ რობაქიძემ თამუნიას თავისი „გველის პერანგი“ ასეთი წარწერით მიუძღვნა: „თუ შევძელი ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ამაოდ არ ჩაუვლია“. კონსტანტინე გამსახურდიამ კი თამუნიას ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა უწოდა. მას ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსიც „ღამე ივერიისა“.

თამუნიას იმ დროს ყველა ეტრფოდა, მაგრამ ტიციანი გახდა მისი პირველი მეხოტბე.

მაშინ წერეთლის ასული 22 წლის იყო და თავისი მშვენიერებით ყველას ატყვევებდა. მისი სილამაზით აფორიაქებული ტიციანი თურმე ადგილს ვეღარ პოულობდა. მისი ნახვის შემდეგ, იმავე საღამოს დაუწერია ლექსი: “ჩემი ცხოვრება ისევ წამია და სხვა თამარმა შვაზე გამიყო”.

მწერალი ყოველდღე დადიოდა მაღაზიაში, უყურებდა და ტკბებოდა თამუნიას სილამაზით.

შემდეგ ტიციანს მეუღლისთვის დეპეშა გაუგზავნია, რომელშიც სასწრაფოდ ჩამოსვლას სთხოვდა.

ნინა მაყაშვილი მეორე დღესვე ჩამოსულა თბილისში. ტიციან ტაბიძეს მეუღლე, მინერალური წყლების მაღაზიაში, თამუნიას სანახავად წაუყვანია. ქალიშვილის სილამაზით ნინოც კი აღფრთოვანებულა და ტიციანისთვის უთქვამს, მე აქ საჭირო აღარ ვარ და ბორჯომში დავბრუნდებიო. მწერალი ნინა მაყაშვილის დიდსულოვნებას ძალიან გაუხარებია და მეუღლე ფრანგული ჩანთითა და ტანსაცმლით დაუსაჩუქრებია.

თამუნია წერეთელი საჩხერელი თავადის, ბეჟან წერეთლის შვილი  და აკაკი წერეთლის ნათლული იყო. სილამაზით განთქმულ თამუნიას ახლობლებიდან ზოგი დაუხვრიტეს, ზოგმა კი თავს უშველა და საზღვარგარეთ გაიქცა, ის კი დედასთან, ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილთან ერთად მარტო დარჩა.

აკაკი წერეთლის ნათლულს პოეზია ბავშვობიდან იზიდავდა. იგი ხშირად გამოდიოდა ქუთაისელი მეცენატი ქალის, კატო ნიკოლაძის მიერ მოწყობილ საღამოებზე, სადაც აკაკის ნაწაარმოებებს კითხულობდა. თურმე, მისი სცენაზე გამოსვლისას, აკაკის ყოველთვის ცრემლი ერეოდა, სხვები კი აღტაცებას ვერ მალავდნენ. თუმცა, გავიდა ხანი და, თამუნია წერეთელი 20-იანი წლების მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. დედა-შვილი შიმშილის ზღვარზე იყვნენ, როდესაც დავით ქებაძემ  მინერალური წყლების მაღაზიაში მუშაობა შესთავაზა. სიხარულით დათანხმდა ქართველი მწერლებისა და პოეტების მუზა შეთავაზებას.

1928 წელს თამუნია წერეთელი გათხოვდა. 1929 წლის 16 მარტს, ქალიშვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ექიმებმა თამუნიას ფეხი მოჰკვეთეს. ამ დღეს მისი დაბადების დღე იყო, ყველაზე მტკივნეული დაბადების დღეს მის ცხოვრებაში. ასე დაიწყო საშინელი ტრაგედიაც.

ტიციანმა ეს ამბავი რომ გაიგო, თამუნიას ნახვა გადაუწყვეტია და საავადმყოფოდან ახალგამოყვანილი ფერმიხდილი ქალი სახლში უნახულებია კიდევაც. მათი შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი ყოფილა. ტიციანი პირველად დარჩა მასთან პირისპირ. ამბობდნენ, ძლივს იკავებდა პოეტი თავს, ტირილი უნდოდაო. უყურებდნენ ერთმანეთს უხმოდ, სევდითა და ტკივილით სავსე მზერით. ამ განწყობით დაიწერა „რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს“ და „შენ აქ რა გინდა“, სადაც ტიციანმა თავისი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა.

პოეტს არასდროს დავიწყებია თამუნია, გამუდმებით წერდა მასზე ლექსებს.

გრიგოლ ცეცხლაძე წერდა: ,,როცა თამუნიამ ფეხი დაკარგა და ადრინდელი სილამაზეც აღარ ჰქონდა, ტიციანი მაინც მისი ერთგული დარჩა და ისევ უმღეროდაო”.

1929 წლის 22 ივლისს, ტიციან ტაბიძეს კვლავ მოინახულებია თავისი პოეზიის მუზა და  ლევ ტოლსტოის წიგნი უჩუქებია, რომელზეც წარწერაც გაუკეთებია: ,,თამუნია წერეთელს, იმ სიხარულით, რომლითაც იწერებოდა ამ სათაურით ლექსი”. 1934 წელს  მწერალმა კვლავ ინახულა თამუნია და, ამჯერად, თავისი რჩეული ლექსების წიგნს მიართვა, წარწერით: ,,თამუნია წერეთელს, ვისი შთაგონებითაც დაწერილია მცირე წიგნი ლექსებისა”.

როდესაც პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციანი დაიბარა და უთხრა: ,,პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება , შენ კი ცოლ- შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო“, რაზეც მწერალმა სასტიკი უარი განაცხადა. ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვაზე. საბოლოოდ 1937 წელს, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.

ასე გაქრა ერთ უბედურ დღეს ტიციანი, თბილისმა კი თანდათან მიივიწყა წერეთლის ასული და მისი მშვენიერებაც, რომელსაც ერთ დროს ასე ეტრფოდნენ. ბედისაგან განწირულმა თამუნიამ თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა და, უსაზღვრო ტანჯვითა და წამებით, 1968 წელს დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი