27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა – რატომ აითვალწუნა სინოდმა

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. გოგებაშვილი დიდი ქართველი პატრიოტი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და საბავშვო მწერალი იყო, რომლის ყველაზე დიდი ნაშრომი, პატარებისთვის ,,დედაენა“ გახლდათ.

იაკობ გოგებაშვილი

იაკობი ჯერ გორის, შემდეგ კი, თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. 1861 წელს კი, სწავლა კიევის სასულიერო აკადამიაში დაიწყო. 1863 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამშობლოს დაუბრუნდა. 1864 წელს, მუშაობა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად დაიწყო. 1864 წელს კი, პოზიცია შეიცვალა და ამავე სასწავლებლის “ინსპექტორი” გახდა. სწორედ ამ დროს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშიც ჩაება, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.

 

I რიგში, მარცხნიდან მეორე – ილია ჭავჭავაძე, მესამე – იაკობ გოგებაშვილი

გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, იაკობს სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა.

მწერალი, საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის დაუღალავად იბრძოდა. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკის მთავარი პრინციპი, ხალხურობა იყო, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა.

თავის წერილებში იაკობ გოგებაშვილი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობდა,  როგორიცაა, განათლების აუცილებლობა ყველა ფენისათვის, სახელმძღვანელოთა ხელმისაწვდომობა, ქალთა განათლება. იაკობ გოგებაშვილს აუცილებლად მიაჩნდა, რომ ქალებსა და ვაჟებს ერთნაირი განათლება მიეღოთ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია იაკობ გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: “დედაენა”, “ბუნების კარი” და “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”, რომლებმაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვირდებაში დიდი როლი ითამაშეს. სწორედ ამ წიგნების პრინციპზეა შედგენილი, ქართული სკოლების დაწყებით კლასებში მოქმედი სახელმძღვანელოები.

პუბლიცისტი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მისი მოთხრობების საფუძველი კი, ძირითადად, რეალიზმია. მწერლის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყარო, ქართული ფოლკლორია. მას ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზე, მოთხრობები აქვს შექმნილი. ასევე, ბავშვებს ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობებიდან აცნობდა.

იაკობ გოგებაშვილი, მოზარდებს, თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებდა, სწორედ ამ პატრიოტიზმით, ჰუმანიზმითა და მეგობრობით გაჟღენთილი იდეით, მოთხრობა- ,,იავნანამ რა ჰქნა“ შექმნა.

გოგებაშვილის, საბავშვო მოთხრობები და კრიტიკული მიმოხილვები ცნობილ საყმაწვილო ჟურნალებში, “ნობათში”, “ჯეჯილსა” და “ნაკადულში” იბეჭდებოდა.

მწერალი, სახალხო განათლებისთვის სახსრებს არ იშურებდა, ასევე, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, მწერლებს, პოეტებს და ისეთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებოდა.

ქართველი ხალხის საყვარელი მწერალი, 1912 წლის 14 ივნისს, თბილისში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი, მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

გოგებაშვილის პატრიოტულმა სულისკვეთებამ, იმდროინდელ საქართველოზე, დიდი გავლენა იქონია. სწორედ ასეთი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ერთგული, დიდი პატრიოტი იყო იაკობ გოგებაშვილი, რომლის სახელი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არსებობის ბოლო წუთებამდე დარჩება.

პუბლიცისტის პირადი არქივი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

ავტორი: სალომე ხომასურიძე


“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს

პარლამენტში “ლუციფერის მხილებას” არიგებენ? – პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

პოდკასტი