7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება
საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას სამაშველო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს. ჩვენივე გადაწყვეტილებით, ორშაბათს, 7 აგვისტო გლოვის დღე გამოცხადდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირზე.
მისივე განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ჯარიც ჩაერთვება. თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები. ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და, სამწუხაროდ, დაფარულია კოტეჯების ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ ჩვენი გვარდიის დანაყოფები, ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ. იცით, რომ დღეს ჩვენი გამოწვევაა გაწმენდითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჯარიც ჩაერთვება. რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ. ასევე, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, 11 ადამიანი კი გარდაცვლილია.