კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

„რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება. ამიტომაც, ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე.“

ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – აღნიშნულია ილია მეორის სამძიმარში.


,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

პოდკასტი