გორში სანთლების აქცია გაიმართა
15 წელი ,,აგვისტოს ომიდან“. ქალაქში, სადაც ტყვიების წვიმა ცვიოდა, რუსეთ-საქართველოს ომი დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება.
იმისთვის, რომ ომში გარდაცვლილთა სახელები დავიწყებას არასდროს მიეცეს, გორის სკვერში, გმირთა მემორიალთან დაიდგა სვეტი, რომელზეც მანათობელი შუქით აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელებისა და გვარების ამოკითხვაა შესაძლებელი.
7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან გორელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას სანთლების აქციით პატივი მიაგეს.
„ჩვენ ტრადიციულად 7 აგვისტოს ვიკრიბებით სანთლების აქციაზე და ამით პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ვინც თავი შესწირა და ვცდილობთ, ყოველთვის გავიხსენოთ და დავაფასოთ ეს ღვაწლი”,- განაცხადა გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გმირთა მემორიალთან,სანთლების აქცია, 2009 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.
გორში, აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება.