სოფელი გუდალეთი საფრთხის წინაშეა – მოსახლეობის თქმით, მთიდან ხე-ტყის მასიური ჭრა და გატანა მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე წელია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის მთიდან  ხე -ტყის მასიური ჭრა და მანქანებით გატანა მიმდინარეობს.  მოსახლეობას შიშში ცხოვრება უწევს, რადგან ზუსტად იციან, რომ ტყის განადგურება ზიანს მიაყენებს როგორც სოფელს, ასევე თითოეულ მათგანს. შიში შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ უფრო მეტად გამძაფრდა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიცია, რომელსაც 500 ხელმოწერა სჭირდება, ადგილობრივმა მცხოვრებმა ანი ალიმბარაშვილმა გამოაქვეყნა.

,,რამდენიმე წელია კასპის რაიონის სოფელი გუდალეთში მიმდინარეობს მთიდან ხე-ტყის მასიური ჭრა და მანქანებით გატანა. მოსახლეობა მოითხოვს, შეწყდეს და აიკრძალოს ბუნებისთვის, დაუდევრობით, ზიანის მიყენება და მოსახლეობის სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება. შოვში დატრიალებულმა უბედურებამ დაგვანახა, რამხელა ზიანი მოჰყვება ასეთ მავნებლურ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ”, – წერს ანი ალიმბარაშვილი და თანასოფლელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

პეტიციის ავტორმა, სოციალურ გვერდზე, ერთ-ერთი ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც მან ხე-ტყის ჭრა გააპროტესტა: ,,ერთხელ შევეცადე წინააღმდეგობის გაწევა და მომატყუა მძღოლმა, კავთისხევის ავეჯის საწარმოსთვის მიგვაქვსო, მეორე დღეს რაღაც ნაჯღაბნი ფურცელი მომიტანა, ვითომ გამგებლის ნებართვა. რა ვერ ეყოთ ამდენი წელი, განა რა ავეჯი სჭირდება კავთისხევის გამგეობას ასეთი? სულ მეფიქრებოდა და ახლა უფრო გამიმძაფრდა შიში იმის, რომ ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სოფელი და ამაზე დროულად უნდა დავფიქრდეთ! ერთობლივად უნდა შევუშალოთ ხელი ხე-ტყის ჭრას, თორე ცრემლების ღვრა ძალიან გვიანია ხოლმე ბოლოს.”

სოფელი გუდალეთი კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულს მიეკუთვნება.

პეტიციაზე ხელმოწერების მსურველებისთვის ლინკი: manifest.ge


პოდკასტი