ჯუთას გზის სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება
ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობისას, გზაზე გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაწყებულია. მიმდინარე წლის ივნისში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12 – კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია”,- წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა. მიმდინარე წლის 21 ივლისს, გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინა სამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.