როგორ გაჩნდა ქუთაისში სიტყვა “ფოლაქი” – პოლონეთის პრეზიდენტს ძეგლი დაუდგეს
ცოტამ თუ იცის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა.
ქუთაისის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში დღეს, დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი გაიხსნა. ორი წლის წინ კი, ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მისი სახელი მიენიჭა.
“ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის და ქალაქის პოლონელი სტუმრებისთვის საქართველოში აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის ამიერიდან სკვერი და ძეგლიც იქნება“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცოტამ თუ იცის, რომ ვლადისლავ რაჩკევიჩი – პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, დიდი მსოფლიო ომის დროს კი – პოლონეთის პრეზიდენტი – ქუთაისში, მოსამართლის ოჯახში დაიბადა! როგორც ამბობენ, პოლონელების უბანი ქუთაისში ახლანდელი სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
პოლონელებს პატარა საამქროები ჰქონიათ, სადაც ღილებს აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ, ქართულ ენაში სიტყვა „ფოლაქი“ (ფოლაქი – პოლიაკ, ანუ პოლონელი) ქუთაისიდან დამკვიდრდა.
პრეზიდენტობამდე მან რთული გზა გაიარა – იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ; იყო პოლონეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი; მეორე მსოფლიო ომმა, ჯერ გერმანულმა, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციამ, მშობლიური პოლონეთი სამუდამოდ დაატოვებინა.
საბჭოთა რეჟიმმა, ბუნებრივია, მათი არსებობის კვალი ქუთაისში წაშალა. მაგრამ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადაწყვიტა მოეძია და აღედგინა პირველი დევნილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის ისტორია და ამის შესახებ წიგნიც დაწერა.
ლელა დევდარიანი