საუკუნოვანი გორიჯვრის გოგირდის აბანო და ახალი ცნობები, რომელიც მის წარსულს გვახსენებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი ,,გორიჯვარი”, რომლის ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იყო პოპულარული. ამას გორის ადგილობრივ არქივში დაცული დოკუმენტებიც ადასტურებს, რომელიც  გორის არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მიაკვლია. მის მიერ მოძიებული ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც 1925 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ, საუკუნის წინ, აბანოს კარ-მიდამო სავსე იყო ჩარდახიანი ურმებით, რომლის პატრონებიც სხვადასხვა შორეული სოფლებიდან მოდიოდნენ.

“საკმარისია დათვალიერება ამ მინერალური აბანოს არე-მარესი ზაფხულის რომელიმე დღეში, რომ ყველა აშკარად განისმჭვალოს მისი დიდი მნიშვნელობით. აბანოს კარ-მიდამო ხშირად სავსეა ჩარდახიან ურმებით, რომლის პატრონებიც მოსულან აქ სხვა და სხვა შორეულ სოფლებიდან. აი ორიოდე მრავალ-მეტყველი ციფრი: ა. წ. ენკენისთვის განმავლობაში აბანოთი უსარგებლია 1020 პირს, აქედან საბჭოთა მოხელე ყოფილა 268 და დანარჩენი 752 კერძო, ასეა ყველა თვეებში მთელი სეზონის განმავლობაში”. (1925 წ.)

1924 წლის 12 აგვისტოს, პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გორიჯვრის აბანოში მაგარი სასმელების გაყიდვა აკრძალულიყო და “ჩაშკა-ჩაი” გახსნილიყო.

1926 წელს, გორიჯვრის მთის ფერდობისა და ტყის დაცვის შესახებ სავალდებულო დადგენილება გამოიცა. დადგენილების თანახმად, გორიჯვრის ფერდობის ტყეში  ხეების, ჩირგვების, ბუჩქების ჩეხვა და დაჭრა, საქონლის ძოვება და ცეცხლის დანთება, ახალი ახოების გაჭრა და უკვე არსებული სახნავი მიწების გაფართოვება, გუდურებისა და ხელის ურმების თრევით გამოტარება აიკრძალა,  სავალდებულო დადგენილების დამრღვევი კი 100 მანეთით ან, ორ თვემდე, სახლში დაპატიმრებით ჯარიმდებოდა.

1928 წლის ივნისის დადგენილებით, გორის “ეპო”-ს დაევალა გორიჯვრის გოგირდის აბანოსთან სავაჭრო ფარდულის მოწყობა, მოსული ავადმყოფებისა და მათი მხლებლების მომსახურების მიზნით.

1928 წლის ივლისის თვეში, გეოლოგი აკენტიევის მიერ ჩატარდა გორიჯვრის გოგირდოვანი წყლების გამოკვლევა.

,,დღევანდელ აბანოში მომდინარე წყალი წამში იძლევა მხოლოდ 1 ლიტრამდე და გაჭირვებით აკმაყოფილებს 7 აბაზანას, რომელიც მოწყობილია აბანოში, თუ თავი მოეყრება ყველა წყაროებს, რომლებიც გაფანტულია მთაში, აბანოს შენობის ზევით, მაშინ წამში მივიღებთ 14 ლიტრა წყალს, რაც თავისუფლად შეიძლება ეყოს დღეში 60 აბაზანას“,- ეწერა გეოლოგის დასკვნაში.

გეოლოგიური გამოკვლევის დამთავრების შემდეგ, აღმოჩენილი იქნა 7 წყარო. გეოლოგ აკანტიევის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2 შენობის ასაშენებლად, 1928 წლის 19 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილებით, თანხის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობა აღიძრა. დამატებითი თანხები გამოიყო იმავე წლის ნოემბრის თვეში, გოგირდის წყლების ახლად აღმოჩენილ წყაროებზე ბეტონის თაღების გასაკეთებლად.

1931 წელს გორიჯვრის გოგირდის აბანო მოეწყო, დაინიშნა აბანოს გამგე და თანამშრომლები.

1938 წელს დაიწყო გორიჯვრის აბანოსა და სასტუმროს მშენებლობა.

1943 წელს გაიხსნა კეთილმოწყობილი გორიჯვრის აბანო.

1953 წლის 3 აპრილს აღმასკომის მიერ დამტკიცდა გორიჯვრის სამკურნალო აბანოს ტიპიური დებულება. დებულების თანახმად აბანო შედიოდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგებლობაში, როგორც სამკურნალო სამეურნეო ორგანიზაცია.

1970-1980-იან წლებში კურორტ “გორიჯვარში” ყოველწლიურად ტარდებოდა ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებები, სააბაზანო ოთახები და ლაბორატორია აღჭურვილი იყო თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით და მოწყობილობებით, სამზარეულო და სასადილო დანადგარებით, დამონტაჟებული იყო განათების სისტემა.


პოდკასტი