ბათუმი გია ყანჩელისადმი მიძღვნილ ფესტივალს მასპინძლობს
უკვე მეოთხე წელია, გია ყანჩელის საიუბილეო თარიღს ხელოვანთა გაერთიანება ,,კონცეპტArt“ სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს.
წელს, გია ყანჩელის ხსოვნას 5 საფესტივალო საღამო მიეძღვნება. შემოსული თანხის ნაწილი შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.
ღონისძიების ფარგლებში, 9 აგვისტოს, ბათუმის „ლე მერიდიენმა“ პირველ საფესტივალო კონცერტს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე საერთაშორისო აღიარების ჩელისტი ლიზი რამიშვილი და ამერიკიდან მოწვეული პიანისტი არსენი მუნი წარსდგნენ.
დღეს, 10 აგვისტოს, გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ პიესებს ცნობილი პიანისტი ნინო ჟვანია და უკრაინიდან მოწვეული მევიოლინე გრიგორი ამბარცუმიანი შეასრულებენ.
13 აგვისტოდან, პროექტი ზღვის სანაპიროზე მდებარე საკონცერტო სივრცეში „სფეროში“ გადაინაცვლებს, სადაც ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად, მსმენლის წინაშე წარდგებიან.
14 აგვისტოს, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციით შექმნილ პროექტს – „დიალოგი ზღვასთან“. კონცერტში მონაწილეობას ნიკა ნიკვაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლაშა დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ეკა დოლიძე და ბექა ცხომელიძე მიიღებენ.
15 აგვისტოს, ფესტივალის საზეიმო დახურვას კვლავ „სფერო“ უმასპინძლებს.
იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თეო ჯორბენაძეა.