გმირი ქალის ამბავი – დესპინა ახლადიოტუმ 40 წელი ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა
1927 წელს, საბერძნეთში, თურქეთის სანაპიროსთან ძალიან ახლოს, უკაცრიელ კუნძულ როზე, ქმართან, კოსტასთან ერთად ბერძენი ქალი – დესპინა ახლადიოტუ დასახლებულა. ცოლ-ქმარს თხები და ქათმები ჰყოლიათ და თავისთვის, წყნარად და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, კუნძულამდე კატერით თურქ ჯარისკაცებს მიუღწევით და იქ საკუთარი ქვეყნის დროშა აღუმართავთ. როდესაც დესპინამ ეს ამბავი ხელისუფლებას შეატყობინა, თურქეთის დროშა ჩამოუხსნიათ.
1940 წელს კოსტასი ავად გახდა და გარდაიცვალა. დესპინამ უსინათლო დედა თავისთან წაიყვანა და მასთან ერთად კუნძულზე ცხოვრება განაგრძო. მან უარი თქვა ევაკუაციაზე მაშინაც კი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს დოდეკანესის კუნძულები იბომბებოდა. პირიქით, ის ყველანაირად ეხმარებოდა ფაშისტებთან მებრძოლ ჯარისკაცებს, თავშესაფრით თუ საკვებით. ამასთან, იგი ყოველ დილას აღმართავდა ხოლმე საბერძნეთის დროშას იმის ნიშნად, რომ ეს პატარა, ხრიოკი, დაუსახლებელი კუნძული საბერძნეთია და იქ ორი ბერძენი ქალი ცხოვრობს.
დესპინა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დარჩა, 1943 წლიდან მოყოლებული, თითქმის 40 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველ დღეს ბერძნული დროშის აღმართვით იწყებდა და მისი დაშვებით ამთავრებდა. ეს ტრადიცია მხოლოდ ერთხელ, ისიც რამდენიმე დღით დაირღვა, როცა დესპინა ავად გახდა და როდოსზე სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამით თურქებმა ისარგებლეს და კუნძულზე ისევ თავიანთი დროშა აღმართეს, მაგრამ დესპინა დაბრუნდა და ერთგულად გააგრძელა იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც მან საკუთარ თავს, საკუთარი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის გამო, თავად დაუწესა.
ყველა ბერძნული გემი, რომელიც გაივლიდა ხოლმე კუნძულ როსთან, სიგნალს, და, შესაბამისად, სალამს აძლევდა ამ მამაც ქალს. დესპინას “როს ქალბატონი” შეარქვეს და მთელმა საბერძნეთმა შეიტყო მის შესახებ. დესპინა ახლადიოტუ პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა და საბერძნეთის პარლამენტის, ათენის აკადემიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, ეროვნული ბანკისა და სხვა მრავალი ორგანიზაციის მიერ დაჯილდოვდა.
1982 წელს, 92 წლის ასაკში დესპინა ახლადიოტუ გარდაიცვალა. გმირი ქალი სამხედრო პატივით დაკრძალეს იმ ადგილის გვერდით, სადაც, 40 წლის განმავლობაში, მისი საყვარელი სამშობლოს – საბერძნეთის დროშას, ასე ჯიუტად და ამაყად აღმართავდა ხოლმე.