საქართველო გმირების ქვეყანაა – 11 აგვისტოს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა

,,ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები…

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“…

როცა 17 შინდისელიდან, ერთ-ერთი გმირი , მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მშობლებმა მის ჯიბეში, სხვა პირად ნივთებთან ერთად, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ეს პატარა ლექსიც იპოვეს.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა.

სოფელ შინდისთან, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ უთანასწორო ბრძოლაში. ოცეული, ორმხრივ სროლაში, რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკებით დაწყებული, ნაღმტყორცნებით, ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით დამთავრებული. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო, რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ ითხოვა. ამ დღეს, 22 ქართველი ვაჟკაციდან, მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადარჩა.

ამავე შეტაკების ნაწილია ნათლიისა და ნათლულის ისტორია, რომლის მოსმენაც ემოციების გარეშე რთულია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. მათი გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე ონიანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ამ დღეს ასე იხსენებენ: ,,ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი  ჯარისკაცი, რომელსაც გაქცევა შეეძლო, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებდა, შემდეგ ჯიბიდან  მობილური ტელეფონი ამოიღო და სადღაც რეკავდა. ,,მიპასუხე მამაო, ღმერთო არ გადის ეს დალოცვილი ზარი“,- გაისმა ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილური სადღაც მოისროლა და დაჭრილ ბიჭებს გასძახა, რომ მისკენ მიწეულიყვნენ. ,,მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, ,,ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს არ იქნება თვითმკვლელობა. მე ვილოცებ და თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო“,- ეუბნებოდა ბიჭებს და, უცბად, ბრძოლის ველზე  გალობასავით გაისმა ,,მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ, სიჩუმემ დაისადგურა და რამდენიმე წამში აფეთქების ხმამ მოიცვა სრულიად შინდისი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც – რომან ზოიძე.  ნათლული გამუდმებით ეხვეწებოდა, რომ დაეტოვებინა, რადგან მას მაინც არაფერი ეშველებოდა, თუმცა ნათლიამ არ დატოვა. ალეკო ონიანი ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, რადგან საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ ჩვენი გმირები იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს. მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებული მტერი კი იდგა და შეჰყურებდა გმირულად დაღუპულ ვაჟკაცებს. მათ ნივთებს ხელიც კი არ ახლეს. ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა“.

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შიდა-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. აღევლინა დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც.

 

ლიკა მაჩხანელი


,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ჯარისკაცი, რომელმაც გმირის სახელი და საკუთარი სისხლით დაწერილი ისტორია დატოვა

გმირი, სახელად გიორგი ანწუხელიძე

გორში სანთლების აქცია გაიმართა

პოდკასტი