ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს ჯავახეთისთვის დამახასიათებელი მკაცრი და განუმეორებელი სილამაზე ახასიათებს

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი ერთ-ერთი ულამაზესი დაცული ტერიტორიაა საქართველოში.

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე არსებული მაღალმთის უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემის დაცვის მიზნით, 1995 წელს დაარსდა. აღკვეთილი სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, მისი ფართობი კი 20 476 ჰა ფართობს შეადგენს.

აღკვეთილს მაღალმთიანი სოფლები – მოლითი და ტბაში შეჭრილი ტაბაწყური ესაზღვრება.

ჯავახეთის ვულკანური წარმოშობის ზეგანზე მრავალი დიდი თუ პატარა ზომის ტბა გვხვდება, რომელთა შორის აღკვეთილში შემავალი ულამაზესი ტაბაწყურის ტბაც არის.

აღკვეთილი   ასევე ჭაობებსა და ალპურ მდელოებს მოიცავს.

აღკვეთილის ტერიტორიაზე, ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში  ჭაობის მცენარეულობაა განვითარებული, რომელიც დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება.

აღკვეთილის ტერიტორიაზე სივრცობრივად ყველაზე დიდი ფართობები მდელოს მცენარეულობას უკავია, რომელიც მთლიანად მეორადი წარმოშობისაა და ნაირგვარი მოდიფიკაციებიის სახითაა წარმოდგენილი.

აღკვეთილის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია მთის სტეპები, დეკიანი და ფრაგმენტულად, სუბალპური ტყეები, რომლებიც, ძირითადად,  მაღალმთის მუხით, წიფლითა და ლიტვინოვის არყითაა შექმნილი.

ისევე როგორც ჯავახეთის სხვა ტბებისთვის, ტაბაწყურის ტბისთვისაც გარეულ ფრინველთა სიუხვეა დამახასიათებელი.

გადაფრენის პერიოდში ტაბაწყურის ტბა და მისი შემოგარენი ნაირგვარი მტაცებელი, წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა ძირითადად წარმოდგენილია 9 სახეობით. აქ გვხვდება კარჩხანა, მტკვრის ნაფოტა, ასევე დაფიქსირებულია კავკასიური ღორჯოს არსებობაც.

ნაკრძალი საკმაოდ პოპულარულია მოლაშქრეთა შორის.

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს.

იხილეთ ფოტოკოლაჟი: