22 – 26 აგვისტოს, მესტიის ფესტივალი გაიმართება
22-26 აგვისტოს, მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მესტია უკვე მესამედ უმასპინძლებს.
წელს, 114 ქვეყნიდან 1791 ფილმი გამოიგავნა. საკონკურსოდ, 25 ქვეყნის 25 ფილმი- 20 მოკლემეტრაჟიანი და 5 სრულმეტრაჟიანი მთის თემატიკის ფილმი შეირჩა, საიდანაც საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს.
ფესტივალის იდეა მესტიაში დაიბადა. როგორც ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ხათუნა ხუნდაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მესტია მრავალი მნიშვნელობის მთამსვლელის მშობელია; ყველა მათგანი გმირია, რომელთაგან მისთვის გამორჩეული მიხეილ ხერგიანია. სწორედ ამიტომ, ბევრი არ უფიქრიათ, როცა მთის თემატიკის სექციას მისი სახელი მიანიჭეს. პრიზიც მის სახელს ატარებს.
მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოს მდებარეობისა, მთის თემატიკის ფილმების ფესტივალი არათუ საქართველოში, კავკასიაშიც არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, მთავარი იყო, რომ ფესტივალი მრავალმხრივი ყოფილიყო, რადგან სტუმრებს, ერთი მოსვლით, სხვადასხვა ფილმი ენახათ. პროექტი 2 განყოფილებად დაიყო. ექსპერიმენტმა გაამართლა, ორივე სექციას თავისი მაყურებელი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ყოველთვის მაღალი რანგის ჟიურის წევრები და საინტერესო სტუმრები ჰყავს. წელს, პროექტის ჟიურის წევრები მარტინ რენერტი (გერმანია, პროფესორი, აინშტაინის ფონდის თავმჯდომარე), დრ.პეტერ მაუსატიჩი (უნგრეთი, კინოკრიტიკოსი), იევა ნორვილიენე (ლიეტუვა, პროდიუსერი), ლელა ოჩიაური (პროფესორი, კინოკრიტიკოსი, კულტურის ანალიტიკოსი) და გიორგი ოვაშვილი (რეჟისორი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი) არიან.
ფესტივალის პრიზის ავტორი თავად ხათუნა ხუნდაძეა.
ფესტივალს აქვს თავისი ლოგო, კლიპი და აფიშები.
ფესტივალის გაშუქებასა და რეგიონის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო რანგის ჟურნალისტები იზრუნებენ, რომლებიც სტატიებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის პორტალებზე განათავსებენ.