იდეა, რომელიც რეალობად იქცა – ვინ არის ადამიანი, რომელმაც ცოცხალი ხეებისგან ეკლესია ააგო

ხეები და ეკლესია ბარი კოქსისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბარი კოქსი ახალ ზელანდიაში იზრდებოდა. ეკლესიებით ბავშვობიდან დაინტერესდა. მიუხედავად მისი ოცნებისა, რომ პაპი გამხდარიყო, ეკლესიისადმი სიყვარული  არასდროს განელებია. იგი ევროპაში და ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა, სადაც ძველი და ახალი, მცირე და დიდი ზომის ეკლესიები მოინახულა და შეისწავლა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, მან თავისი საქმის განხორციელება დაიწყო.

 შექმნა დიზაინი, მოაწყო რკინის კონსტრუქცია და, საკუთარ ეზოში, ცოცხალი ხეებისგან ეკლესიის აგებას შეუდგა.

ეკლესიის კედლები ავსტრალიური ფოთლოვანი ჩაის ხისგან გააკეთა, რომელსაც კოქსი კორექტირებას 6 კვირაში ერთხელ უკეთებს, რათა ფორმა შეუნარჩუნოს. სახურავი კი მოჭრილი მურყანის ხისგან შექმნა, რომელიც რკინის ჩარჩოს ბოლომდე წვდება. მზის სხივებმა რომ ეკლესიის შიგნით შეაღწიონ, კოქსმა სახურავი ფოთლებით ნაწილობრივ დაფარა.

ეკლესიასთან იზრდება ვარდები, რომლებიც მის ზედა ნაწილს ფარავენ. ვარდები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავიან და მთელ სივრცეს სასიამოვნო სურნელით ავსებენ. ხეებისგან შექმნილი ეკლესია ყვავილებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ღობეს ქმნიან.

 

შიდა სივრცეში სკამები და მარმარილოს საკურთხეველია.

თავდაპირველად,  ბარი კოქსი ფიქრობდა, რომ ეკლესია კერძო იქნებოდა, თუმცა, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 2015 წლის იანვრიდან, იგი საჯარო გახდა.

ეკლესიის წინ არის ლაბირინთი, რომელიც უძველესი ქალაქის იერიქონის მოდელზეა გაკეთებული.

ბარი კოქსი, სამომავლოდ, ეკლესიის უკან, სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად, ევროპული ბაღის გაშენებასა და ბუნებრივი ამფითეატრის მოწყობას გეგმავს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი