ისნის რაიონს 3 საბავშვო ბაღი შეემატება
ისნის რაიონში 3 საბავშვო ბაღი შენდება. ამ ეტაპზე, მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
N30 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალი წლიდან ახალი, 11- ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს მიიღებს.
შემოდგომაზე დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მშენებარე ბაღის პროექტიც, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა უკვე დასასრულისკენ მიდის და რამდენიმე თვეში ექსპლუატაციაში შევა.
კიდევ ერთი, N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობა კი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება.
„ახალ სააღმზრდელო წელს, სამი ახალი საბავშვო ბაღით შევხვდებით, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ბაღი შევა ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ N109 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რადგან ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 700 ბავშვს მოემსახურება. მისი გახსნა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება,“- განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.