გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

სახალხო არტისტი და ყველასთვის გამორჩეული მსახიობი, გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ხარაბაძე, 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში დაიბადა. მსახიობმა განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე მიიღო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1963  წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც 1993 წლამდე მოღვაწეობდა.

მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმენტულ წარმოდგენაში შედგა. რობერტ სტურუასა და გოგი ქავთარაძის მიერ აქტუალურ, მწვავე თემაზე შექმნილ სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებლის როლი ითამაშა. შემდეგ იყო უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება. სწორედ „უარყოფითი მომხიბვლელობით“ დამკვიდრდნენ მის რეპერტუარში: ავთო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), დიტო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გაიოზი (თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“) და სხვა.

მსახიობი ეკრანზე პირველად, 1962 წელს, ფილმში „ქალაქის გული“ გამოჩნდა. პირველი მნიშვნელოვანი როლი კი, 1967 წელს, ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობისთვე“ ითამაშა, რომელშიც ახალგაზრდა კონფორმისტის, ოთარის, საინტერესო სახე შექმნა. ამ როლის შემდეგ, შემგუებლობისა და ძალადობის განსახიერება თითქოს მსახიობის შემოქმედებით ამპლუად იქცა. გოგი ხარაბაძემ განასახიერა სხვა ტიპის საინტერესო კინოპერსონაჟებიც.

გოგი ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედი იყო და  განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მსახიობი მონაწილეობდა ტელეფილმებში (დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება“ და ლეო ქიაჩელის ,,გვადი ბიგვა“). გარდა ამისა, მან თავად შექმნა ტელესპექტაკლების ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“, „ბედი ქართლისა“, „აკაკი წერეთლის მონოლოგი“, „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“, „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ და სხვა.

მან, ასევე, ტელევიზიაში დადგა 29-ნაწილიანი სპექტაკლი „წმინდა ოთხთავი”, რომლის რეჟისორი და ოთხივე მახარებლის განმასახიერებელი თავად იყო.

აღსანიშნავია, რომ გოგი ხარაბაძემ გამოსცა – ბიბლიის, ,,ვეფხისტყაოსნის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთლის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების – „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ასევე  ქართული ზღაპრების აუდიოვერსიები.

მრავალმხრივი ნიჭის მსახიობი ავტორია წიგნებისა: „თქვენ მომაგონდით“, „შატალო. მსახიობის ჩანაწერები“, „კოქსართროზი“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, ისტორიული დრამისა „სისხლიანი მეოცე“და რომანების – „პირველის უკანასკნელი ღამე“ და „თამადა“.

გარდა შემოქმედებითი ღვაწლისა, გოგი ხარაბაძე მუდამ გამოირჩეოდა მტკიცე და მართალი ეროვნული სამოქალაქო პოზიციითა და აქტიურობით, განსაკუთრებით  საქართველოს ბოლო ათწლეულების მანძილზე განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე.

გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი, 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მსახიობს კვირას, 20 აგვისტოს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.


პოდკასტი