საშიში პროდუქციის რეალიზება თბილისის სავაჭრო ქსელში – საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, პასუხისგებაში  ორი პირი მიეცა. საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, განხორციელდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს  ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ, რის შემდეგაც თბილისის სავაჭრო ქსელში მის რეალიზაციას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი ამოიღეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს შეიცავდა.

გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით  დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი გადმოიტანეს, რომელიც, ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც, სასჯელის სახით,  თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


პოდკასტი