კელი დეგნანმა ელჩის პოზიციაზე მუშაობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

,,პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. საგზაო რუკა არის გაწერილი და კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი. თუ მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები  ამ საგზაო რუკას მიჰყვებიან, რომელიც მათ მიეცათ, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა.

„ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა“,- აღნიშნა კელი დეგნანმა.

ელჩის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომელიც მიმართულია „საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.“

„ფაქტობრივად,  მრავალი წლის თუ არა, ათწლეულობის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებზე შეტევა ხორციელდებოდა. მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა აშშ- ის ელჩმა საქართველოში.

ელჩის განმარტებით, საქართველოს ეკლესია, კულტურა და ტრადიციები ევროპული სისტემის ფარგლებში უკეთესად იქნება დაცული.

„ძალიან ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას და პარტნიორობას, რომელიც საქართველოს და ამერიკას აქვს. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე კონსპირაციისა და ტყუილისგან. ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, თუ რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ, რა მოტივებია მიღმა, ეს იქნებოდა კითხვები, რაც უნდა დავსვათ.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები, დისტანცირებას ახდენენ ამ განცხადებებისგან, კერძო შეხვედრების დროს, რომელიც დამაზიანებელია, ჩვენს შორის ურთიერთობის შესუსტებაზეა გათვლილი. ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც, 30 წლის განმავლობაში, საქართველოსთან გვქონდა.

თუ პრორუსული პროპაგანდისთვის იქნება გარემო, რომელიც ცდილობს, რომ ხალხი დააბნიოს და გაყოს, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია დარჩეს ევროპის გზაზე. ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ორიენტაციაც ევროპისკენ იყო. გავეცანი თქვენს ისტორიას, წამიკითხავს ლიტერატურა და უფრო ნათელია ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ეს საქართველოს კულტურის ნაწილია. ეს ახალი არ არის, საუკუნეების განმავლობაში იყო, ეს ისტორიიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს. ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს თქვენი ტრადიციების მეტ დაცვას, კულტურის მეტ დაცვას, ამას ნახავთ, როგორც კი ესტუმრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. ნახავთ, რამდენად კარგად არის დაცული მათი მდიდარი ტრადიციები და ისტორია. ეს ნამდვილად არ არის რისკის ქვეშ. საქართველოს ეკლესია, უნიკალური და შესანიშნავი კულტურა, მისი ტრადიციები განაგრძობენ არსებობას და უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში. ჩემი რჩევა, შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა იგივე, შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და ორიენტირებულები იქნებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ამის გაგრძელების ნახვა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.