შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია

27 აგვისტოს, მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 200 მეტრის სიმაღლეზე, კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სამართალდამცავები. მონასტერში იმყოფებოდნენ მცხეთის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

მომხდარის შესახებ ეცნობათ გეოლოგებსაც, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესწავლა გუშინვე დაიწყეს. ამ ეტაპზე,  შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე შეზღუდვაა.

„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით, გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები. ამ ეტაპზე, მონასტერში მომლოცველთა და ტურისტთა შესვლა შეიზღუდა. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება უნდა იყოს შემდგომ“,- აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ.