მართვის მოწმობის აღება გართულდა

დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. აღნიშნული კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებითაა დამტკიცებული.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ,,C” და ,,D” კატეგორიების და ,,C1″ და ,,D1″ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.


პოდკასტი