რა მოხდა 900 000 წლის წინ, როდესაც ადამიანის წინაპრები გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

900 000 წლის წინ, უცნობმა გამანადგურებელმა მოვლენამ, კაცობრიობის წინაპრები თითქმის მთლიანად მოსპო.

3154 თანამედროვე ადამიანის გენომური მონაცემები მიუთითებს, რომ, იმ პერიოდში, პოპულაცია დაახლოებით 100 000 ინდივიდიდან სულ რაღაც 1280 ინდივიდამდე შემცირდა. პოპულაციის ასეთი, 98,7-პროცენტიანი კლება 117 000 წელიწადს გაგრძელდა, რის შედეგადაც კაცობრიობა თითქმის გადაშენდა.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, რომელსაც  ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსი ჰაიპენგ ლი და აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის გენეტიკოსი ი-ჰსუსან პანი ხელმძღვანელობდნენ, იმ შედეგებმა უნდა ახსნას ის უცნაური ნაპრალი, რაც პლეისტოცენის ეპოქაში გვაქვს, ადამიანის ნამარხებთან მიმართებაში.

რომის საპიენცის უნივერსიტეტის ანთროპოლოგ ჯორჯო მანცის განმარტებით, აფრიკულ და ევრაზიულ ნამარხებს შორის ნაპრალი შეიძლება აიხსნას ადრეულ ქვის ხანაში არსებული ასეთი შეფერხებით. ეს ყველაფერი კი, დროის ამ პერიოდში, ნამარხების მნიშვნელოვან სიმწირეს ემთხვევა.

მოსახლეობის ბოთლის ყელის ეფექტი, როგორც ამას ჯგუფის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას უწოდებენ, იშვიათი არ არის. როდესაც სახეობას ისეთი მოვლენა ანადგურებს, როგორიც არის ომი, შიმშილი ან კლიმატის კრიზისი, შედეგად, გენეტიკურ მრავალფეროვნებაში მიიღება ვარდნა, რომელიც შეიძლება გადარჩენილთა შთამომავლების მეშვეობით გამოვლინდეს. სწორედ ამ გზით ვიცით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობაში ბოთლის ყელის ეფექტი სულ რაღაც 7000 წლის წინაც დაფიქსირდა .

მკვლევართა ჯგუფმა, მორიგი ანალიზებისთვის, ახალი მეთოდი შექმნა, რომელსაც FitCoal უწოდეს. მისი საშუალებით, ანალიზი ჩაუტარეს მთელი მსოფლიოდან 3154 ადამიანის გენომურ მონაცემებს – 10 აფრიკული და 40 არააფრიკული პოპულაციიდან, რათა შეესწავლათ, თუ როგორ შორდებოდა გენების ხაზები დროთა განმავლობაში ერთმანეთს. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშნვნელოვანი კლება მოხდა, დაახლოებით, 930 000 – 813 000 წლის წინ, რასაც ამჟამინდელი გენეტიკური მრავალფეროვნების 65,85 პროცენტით შემცირება უნდა გამოეწვია.

მოსახლეობის რაოდენობის ასეთი მასშტაბური შემცირების მიზეზი ბოლომდე არასოდეს გვეცოდინება, თუმცა, ფაქტია, რომ იმ დროს მოხდა ერთი დიდი მოვლენა. ამას შეიძლება გადამწყვეტი როლი  – შუა პლეისტოცენის გარდამავალი პერიოდი შეესრულებინა, რომელშიც დედამიწის გამყინვარების ციკლები მკვეთრად შეიცვალა.

შესაძლებელია, რომ კლიმატურ არეულობას ისეთი გარემო პირობები შეექმნა, რომელიც ხელსაყრელი არ იყო ადამიანთა იმ პოპულაციებისთვის, რომლებიც მაშინ გადარჩენას ცდილობდნენ, ამას კი შედეგად შიმშილი და კონფლიქტები უნდა მოჰყოლოდა, რაც მოსახლეობის რაოდენობის  კიდევ უფრო მეტ შემცირებას გამოიწვევდა.

„ახალი აღმოჩენა ახალ ველს შლის ადამიანის ევოლუციაში, რადგან სვამს ბევრ კითხვას. მაგალითად, იმ ადგილების შესახებ, სადაც ინდივიდები ცხოვრობდნენ, როგორ დაძლიეს კლიმატის კატასტროფული ცვლილება; ასევე, დააჩქარა თუ არა ბოთლის ყელის ეფექტის დროს ბუნებრივმა გადარჩევამ ადამიანის თავის ტვინის ევოლუცია“, – ამბობს ი-ჰსუსან პანი.

როგორც ჩანს, ბოთლის ყელის ეფექტმა წვლილი შეიტანა ადამიანის გენომის კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელში- ორი ქრომოსომის შერწყმა მე-2 ქრომოსომის წარმოსაქმნელად.

ადამიანს ქრომოსომის 23 წყვილი აქვს. დღეს არსებულ ყველა სხვა ჰომინიდს (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) კი 24 წყვილი. როგორც ჩანს, მე-2 ქრომოსომის წარმოქმნა სახეობათწარმოქმნის მოვლენა იყო, რომელმაც ადამიანები სხვა ევოლუციური გზისკენ წაახალისა.

 

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მასალა მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.