,,ილია ვარ, არ მესროლოთ“- ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 116 წელი გავიდა

,,… რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ,,შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 116 წელი გავიდა.

1907 წლის 12 სექტემბერი იყო. ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა. წიწამურთან იყვნენ მისულები, როცა წინ დაქირავებული მკვლელები  გადაუდგნენ. თავდამსხმელებმა ილიას იარაღი მიუშვირეს და ეტლის შეჩერება უბრძანეს. მწერალი ფეხზე წამოდგა, – ილია ვარ, არ მესროლოთო, უთქვამს. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, – მიახალა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა და დაუფიქრებლად ესროლა. მკვლელებმა ესაც არ იკმარეს და ოლღა გურამიშვილი სასტიკად სცემეს.

ილიას სიკვდილის შემდეგ ოლღას აღარც საგურამოსკენ გახედვა სურდა და ვეღარც შინ ჩერდებოდა. ფიზიკურად მომჯობინდა თუ არა, წერა-კითხვის საზოგადოებას მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან ახლოს, ბინა აქირავებინა და იქ გადასახლდა – ილიასთან ახლოს ვიქნებიო. მთელი უძრავ-მოძრავი ქონება კი, ილიას ანდერძისამებრ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ილიას მკვლელობის შემდეგ ოცი წელი იცოცხლა ოლღამ. ამბობენ, თითქმის ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე და მეუღლის საფლავზე წვებოდაო.

ქართველმა ხალხმა ილიას მკვლელობა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია.

ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“, ვაჟა-ფშაველა წერდა: – ,,ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“, იაკობ გოგებაშვილმა კი ასეთი ტექსტით გააცილა ქართველი საზოგადო მოღვაწე:  – ,,უსულ-გულო და უტვინო ორფეხა მხეცები ვერაგულად კლავენ საშინელის სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას…

დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის დიდებულს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალს აზრებს, პროგრესიულს იდეალებს, მის დემოკრატიულს მიმართულებას, წმინდა ეთიკას სრულის ადამიანობისას, ამისათვის კი ყველაზე მეტად საჭიროა მოფენა კიდით-კიდედ მისი ქმნილებებისა, გავრცელება მისის თხზულებებისა მთელს ჩვენს ქვეყანაში.

როცა ქართველი გლეხობა გაიცნობს ილიას ნაწერებს, გადაიკითხავს იმის ,,კაცია-ადამიანს”, ,,გლახის ნაამბობს”, კაკოს თავგადასავალს, იმის ,,მუშას” და სხვა დემოკრატიულს ქმნილებას, იგი ცხადად დაინახავს, თუ რა დიდი მოციქული იყო ილია გლეხთა განთავისუფლებისა და აღორძინებისა.

მაშინ იგლოვს იგი იმის სიკვდილს ბევრად უფრო მეტის მწუხარებით და ცრემლებით, ვიდრე ეხლა ჰგლოვობენ დაწინაურებულნი ნაწილნი ქართველი ერისა. ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის მიცვალებულისა…”

ილია ჭავჭავაძისთვის უმთავრესი იყო სამი რამ: მამული, ენა, სარწმუნეობა და ამ სამი სიწმინდის დაცვას მთელი თავისი ცხოვრება შეალია. იგი მუდამ ფიქრობდა ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაზე.

1987 წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად, წმინდა ილია მართლის სახელით შერაცხა.

 

ლიკა მაჩხანელი