ვანის ქვაბები – გვახსოვდეს ჩვენი ისტორია!

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. ვანის ქვაბების შესახებ ყველაზე ადრეული წერილობითი ცნობა კომპლექსის მთავარი ტაძრის XII საუკუნის წარწერამ შემოგვინახა, რომლის მიხედვითაც, თამარის მეფობის ხანაში, ვანი გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერია: „ესე არს სამკ(ჳ)დრ(ე)ბ(ე)ლი ჩ(უე)ნ გ(უ)რგ(ე)ნ(ა)თი მე იჩქითმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე შ(ეგვინდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ“. ძეგლის შესახებ უფრო ადრეული ცნობა არ მოიპოვება, თუმცა სტილისტურ ნიშნებზე დაყრდნობით, მონასტრის უძველესი ქვაბთა ჯგუფი არაუგვიანეს VIII საუკუნით თარიღდება.

IX–XI საუკუნეებში, კომპლექსი გაფართოებულა. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები და წმინდა გიორგის ეკლესია.

1089 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ვანის ქვაბები მნიშვნელოვნად დააზიანა. გადმოცემის მიხედვით, XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საკუთრება იყო. 1186-1191 წლებში, იჩქით გურგენისძემ მონასტერი განაახლა და მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. 1191-1204 წლებში, ვანი სამეფო მონასტერია. 1204 წელს კი, მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა კომპლექსის ზღუდე აღადგინა, რის შესახებაც შემორჩენილი წარწერითაა ცნობილი: „ქ(რისტ)ე, [ად(იდ)ე ორ]თავე შ(ინ)ა ს(უ)[ფ(ე)ვ(ა)თა მ](ე)ფეთა [მ(ე)ფე დ]ა დ(ე)დ(ო)[ფ](ა)ლი თ(ა)მ(ა)რ. წე[ლსა] მ(ე)ფ(ო)ბისა მ(ა)თსა კ ანტ(ო)ნ [ჭ](ყონდიდელი)სა მ(იე)რ აღ(ე)შენა ზღ(უ)დე ესე. შ(ეიწ)[ყ(ა)ლ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ], ა(მე)ნ“.

1204-1283 წლებში, მონასტერი თმოგველთა საგვარეულოს ხელში გადავიდა. მათი აგებულია წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1204-1234 წლებში, ერისთავთერისთავ მხარგრძელს მონასტრისთვის ახალი ტიპიკონი შეუდგენია – „ვაჰანის ქვაბთა განგება“. წესდებას აქვს სხვადასხვა პერიოდის მინაწერები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ. მინაწერებში, XIV საუკუნის II ნახევრიდან, მონასტრის მფლობელებად ღარიბასძენი და რჩეულაშვილები იხსენიებიან.

1283 წელს, ვანის ქვაბები კიდევ ერთხელ დაანგრია მიწისძვრამ. XIV-XVI საუკუნეებში, მონასტერში ცხოვრება კვლავ აღდგა. ამ პერიოდისაა მცირე გუმბათოვანი ტაძრის მრავალი წარწერა. XIV საუკუნემდე, ვანის ქვაბები მამათა მონასტერი ყოფილა, XIV საუკუნის მიწურულიდან კი, როგორც ჩანს, აქ დედათა მოღვაწეობისთვისაც უნდა ყოფილიყო განყოფილება. 1551 წლიდან, შაჰ-თამაზის ლაშქრობის შემდეგ, მონასტერი საბოლოოდ დაიცალა და გაუკაცრიელდა.

ვანის ქვაბები კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც 16 იარუსადაა განლაგებული და 200-მდე ქვაბს მოიცავს. ძეგლი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს XV-XVI საუკუნეების მრავალი წარწერით, რომელთა შორის გვხვდება ხალხური პოეზიის ნიმუშები და XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებული ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი, რომელიც პოემის დღეისათვის შემორჩენილ უადრეს ხელნაწერ ნიმუშად მიიჩნევა. კომპლექსის ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. ამჟამად, ვანის ქვაბების ანსამბლი   გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებს, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ქვაბს, საძვალეებს, გვირაბებს, წყალსადენს, წყალსაცავის ნაშთსა და ქვითკირის ზღუდეს მოიცავს. ზღუდის მისადგომებს ტერასაზე მდგარი ოვალური კოშკი იცავდა. ქვითკირის ზღუდით გამაგრებული, ტერასულად განლაგებული სენაკები მონასტრის წინ შიდა ეზოს ქმნის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვანის ქვაბების კომპლექსში გამოვლინდა: რვაქვევრიანი მარანი; მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო; სამეურნეო ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახელითა და წყალსადენი ტერასით; ქვითკირის სახლები და სხვა.

კომპლექსის ცენტრში საკმაოდ დიდი ზომის გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს, რომელსაც ქვითკირის კარიბჭე და ორსართულიანი ეკვდერი ეკვრის. კარიბჭის ქვეშ საძვალეა. ანსამბლის ზედა ნაწილში ქვითკირის მცირე გუმბათოვანი ტაძარია. ცენტრალური ტაძრის  ჩრდილოეთით, კომპლექსის ქვედა მონაკვეთში, ნახევრადქვაბოვანი დარბაზული ეკლესია გვხვდება. კლდეში ნაკვეთი, მოხატული ეკლესია, ქვედა ნაწილში მდებარეობს. ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე სამ სართულად ქვაბსამარხი და ქვის სახლებია განლაგებული. სამონაზვნო სენაკებს შორის გვხვდება უფრო გვიანდელი საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე სათავსოები.

ცენტრალური წმ. გიორგის სახელობის ტაძარი კლდეში ნაკვეთ გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. იგი ძალიან დაზიანებულია, ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ჩამოქცეულია. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. კლდეში გამოკვეთილი გუმბათი უსარკმლოა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე ქვითაა მოპირკეთებული და პროფილირებული კაპიტელით სრულდება, რაც კედელთან შერწყმული სვეტის ეფექტს ქმნის. ტაძარში  ტრაპეზის ქვა და კანკელის ქვის საფუძველია შემორჩენილი. ეკლესიის თლილი ქვით ნაგები დასავლეთ კედელი მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაძარს ორიარუსიანი ეკვდერი ეკვრის, პირველ იარუსზე საკურთხეველია მოწყობილი. ეკლესიას დასავლეთიდან ჩუქურთმებით შემკული სამრეკლო – კარიბჭე ჰქონდა მიშენებული. ტაძრის შესასვლელში გამოვლინდა ბალავრის ქვა, ასომთავრული წარწერით: „იესო ქრისტე ადიდე ორთავე შინა სუფევათა მეფეთა მეფე და დედოფალი თამარ, რომლისა ზე მე იჩქითმან გურგენისძემან აღვაშენე კედელი ესე და დავასვენენ ხატნი მაცხოვრისაი, ღვთისმშობლისაი, ნათლისმცემლისაი და ჯუარი წმიდისა სვიმეონისი, ვინცა ილოცვიდეთ მეცა მომიხსენეთ“. წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძარი თამარის მეფობის ხანაში იჩქით გურგენისძეს აღუდგენია. ამავე ტაძარშია აღმოჩენილი იჩქით გურგენისძის მეორე წარწერაც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ დროისთვის ვანის ქვაბები გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერი ყოფილა.

გუმბათოვანი მცირე ეკლესია კომპლექსის ზედა ნაწილში მდებარეობს. ტაძრის გეგმაში მცირედითაა გამოვლენილი ჯვრულობა. საკურთხევლის აფსიდია კვერცხისებრი მოხაზულობის კონქითაა გადახურული. აფსიდი და დარბაზი დაახლოებით ერთი ზომისაა, ამიტომაც გუმბათი ნაგებობის დასავლეთ ნახევარზეა განლაგებული, რაც სახასიათო არ არის ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი ნაგებია ქვითა და აგურით კირის დუღაბზე. ინტერიერიცა და ექსტერიერიც შელესილია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო თაღოვანი კარია გაჭრილი. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელია, მის თავზე კი, ასევე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. გუმბათი წრიულია და ექვსსარკმლიანია. ინტერიერში მელნით შესრულებული მრავალი ნახატი და წარწერა გვხვდება, რომელთა შორის პოეზიის ნიმუშებიც არის.

მოხატული ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. დღეისათვის ტაძრის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია. ინტერიერი შელესილი და ნაწილობრივ მოხატული ყოფილა. საკურთხევლის აფსიდში, ტრაპეზის ზევით ბარძიმისა და ანგელოზთა გამოსახულებებია ფრაგმენტულად შემონახული. ეკლესიაში ყოფილა ასევე წმინდა მესვეტეების – სვიმეონ უფროსისა და სვიმეონ უმცროსის გამოსახულებები. წმინდა სვიმეონ უმცროსის ფრესკას ახლავს წარწერა: „წმიდაჲ სჳმიონ“. ეკლესიის მოხატულობა XIII საუკუნით თარიღდება.

ნახევრადქვაბოვანი დარბაზული ეკლესია სანახევროდ კლდეშია გამოკვეთილი და სივრცეში მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებით გამოდის. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხეველის აფსიდით სრულდება. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი. დარბაზი შებრტყელებული კამარითაა გადახურული. ინტერიერი ერთი ვიწრო და მაღალი სარკმლით ნათდება. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი დიდი ზომის კვადრებით. ფასადები სრულიად სადაა და თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ტაძარი მცირე ზომისაა, თუმცა დიდი ზომის საპერანგე ქვები, დამჯდარი პროპორციები და მასიური ლავგარდანი მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ქმნის და კომპლექსის მთლიანობაში მკაფიო აქცენტს აკეთებს.

 

ტექსტი მომზადდა თამთა დოლიძის მასალის მიერ