ახალი სასწავლო წელი სკოლებში – წელს, საქართველოში 55 000-ზე მეტი პირველკლასელია
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად 55 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა ზარი, აქედან 48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია დარეგისტირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი -კერძო სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას თავად ესტუმრა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – სკოლებში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით წელს 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მივიღეთ.
პირველკლასელებს და მათ მშობლებს განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ემოციური, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსეა. ყველას ვუსურვებ წარმატებულ, ბედნიერ სასწავლო წელს. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე.
სკოლები სრულ მზადყოფნაშია – გამართულია ინფრასტრუქტურა, ყველასთვის გათვალისწინებულია სახელმძღვანელოები და ბუკები. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვანი სიახლეებით. როგორც პირველ, ასევე მეორე კლასელთათვის სავალდებულოა ჭადრაკის გაკვეთილები. ფართოვდება პროექტის „სამხედრო საქმე‘‘ მასშტაბები, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში და ამის დიდი მოთხოვნა იყო.
სკოლებში იქნება გათვალისწინებული დამატებითი კლასგარეშე, არაფორმალური აქტივობები, როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ჰქონდეთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყველა ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებული, უსაფრთხო და ადაპტირებული გარემო იქნება. მასშტაბური პროექტების განხორციელებით, უახლოეს 2-3 წელიწადში, ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლებში, თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები და სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“.