დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, სასამართლო პროცესი ჩატარდა
,,დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო – მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში; მსჯიან იმიტომ, რომ 2015 წელს, პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ; მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე; მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, კორუფცია მოვსპე განათლების სისტემაში; მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა- ეს არის საქართველოს სირცხვილი. ჩემი პატიმრობა პუტინის პირადი შურისძიებაა, რადგანაც „მას წარმატებული ქართველები არ უყვარს“.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილი სხდომას დისტანციურად დაესწრო დასაზოგადოებას სიტყვით მიმართა.
,,მინდა იცოდეთ, რომ მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ვერავინ გამტეხს ვერც მე და ვერც ქართველ ხალხს – ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც ის პრეზიდენტობიდან მშვიდობიანი გზით წავიდა, ახალმა მმართველმა გუნდმა გენერალურ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დანიშნა, რომელსაც მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაევალა.
,,მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა არჩილ კბილაშვილს ჩამოუყვანა ექსპერტები, რომლებიც ეძებდნენ რამე ხელჩასაჭიდს ჩემ წინააღმდეგ. როდესაც ვერაფერი იპოვეს, ხელცარიელი მივიდნენ თავის უფროსთან და უთხრეს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლებელიაო. კბილაშვილი გაუშვეს, შემდეგ კი, საიდანღაც ფარცხალაძე გამოჩნდა, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ფარცხალაძე მაშინ უკვე „ეფესბეს“ აგენტი იყო“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილს კი მიმართა, რომ დროა დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე ისაუბროს. რაც შეეხება პუტინთან დაძაბულ ურთიერთობას, ყოფილმა პრეზიდენტმა შემდეგი ისტორია გაიხსენა:
,,მინდა გითხრათ, რომ პუტინის ჩემთან პირველი დატაკება მოხდა იმაზე, როდესაც მომთხოვა უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია. თქვა, რომ ეს არის ჩვენი კაცი, მაგრამ უარი ვუთხარი, არ დავემორჩილე პუტინს, ივანიშვილმა კი შეუსრულა და გენერალურ პროკურორად „ეფესბეს“ აგენტი დანიშნა, რომელმაც კონტროლქვეშ აიღო სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად იმისა,რომ პროკურორობიდან გაათავისუფლეს, ის არის მაყურებელი. ჩვენ საქმე გვაქვს უცხო სახელმწიფოს, რუსეთის სრულ კონტროლთან – საქართველოს სასამართლო სისტემაზე, საქართველოს სამართალდამცავ სისტემაზე და ამჯერად უკვე ეროვნულ ბანკზე. პირდაპირ ფარცხალაძის გამო ააყირავეს სისტემა.
ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი. ესენი აგენტების წინააღმდეგები არ არიან, ესენი აგენტების ,,გამტარებლები” არიან, აგენტურამ ფეხი ყველგან გაიდგა, მათ შორის ჩემი მოწამვლაც „ეფესბეს“ დაგეგმილი იყო. ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წესს. მე ვგრძნობ ქართველი ხალხის სიყვარულს, მხარდაჭერას, მაგრამ რაც მთავარია, მე ვგრძნობ ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. ქართველი ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება“.
მისივე განცხადებით, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილზეც. მისი თქმით, ევროპაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა მან უარი განაცხადა.
„სალომე კარგად იტყვის რაღაცას, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში. თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას საკითხი ჩემი გათავისუფლების, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა ყველგან განაცხადა უარი. მას სამი პირობა აქვს მიცემული: ერთი – არ შეუერთეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მეორე სრულიად შეუხებლობა ივანიშვილსა და მის ქონებას და მესამე – არ დაუშვას ჩემი ციხიდან გაშვება და ბოლომდე მიიყვანოს ჩემი მკვლელობის გეგმა საპატიმროში. აი, ეს არის სალომე ზურაბიშვილის თამაში. გამიხარდება, რომ ვცდებოდე, მაგრამ, ჯერჯერობით, ზედმიწევნით კარგად ასრულებს ამას. პრეზიდენტი როცა გქვია, შენგან ელიან კონკრეტულ გამბედაობას. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი იმედი გქონდეთ. მე ვარ აქ, მტრის ჯინაზე ვაპირებ სიცოცხლეს და ბრძოლას სიცოცხლისთვის, გამარჯვებამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან .