ჩვენი უძველესი წინაპრების მიერ ხისგან დამზადებული იშვიათი სტრუქტურა აღმოჩენილია

ერთმანეთზე გადადებულმა ორმა მორმა, რომლებმაც მზის სინათლე თითქმის ნახევარი მილიონი წლის წინ ნახეს, ქვის ხანის წინაპრების ტექნოლოგიისა და კულტურის შესახებ ჩვენი ფუნდამენტური წარმოდგენები შეიძლება სრულიად შეცვალოს.

ობიექტები, 2019 წელს, ზამბიაში, კალამბოს ჩანჩქერთან აღმოაჩინეს. ის არქეოლოგებს შუა პალეოლითის პერიოდის აფრიკის ხის ტექნოლოგიების განსაკუთრებით იშვიათ მტკიცებულებას სთავაზობს. ცნობილია, რომ სწორედ ამ პერიოდში აჩქარდა ინოვაციები ქვის იარაღებში.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ხის არტეფაქტები ერთ დროს გარკვეული სახის მუდმივი სტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ნაგებობის პლატფორმის.

თუ მართლაც ასეა, აღმოჩენა ართულებს ჰომინინების ტრადიციულ სურათს, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი, შედარებით პრიმიტიული ხელსაწყოებით, მონადირე ჯოგებად დადიოდნენ ან სეზონურ მცენარეულობას აგროვებდნენ.

„ამ აღმოჩენამ, ჩვენს ადრეულ წინაპართა შესახებ, ჩემი წარმოდგენა შეცვალა. დაივიწყეთ სახელწოდება „ქვის ხანა“, შეხედეთ, რას აკეთებდა ხალხი: მათ ხისგან რაღაც ახალი, საკმაოდ დიდი შეუქმნიათ. გონებას, წარმოსახვასა და უნარებს იყენებდნენ რაღაც ისეთის შესაქმნელად, რაც აქამდე ჯერ არ გვინახავს, რაც აქამდე არ არსებობდა“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ლივერპულის უნივერსიტეტის არქეოლოგი ლარი ბარჰამი.

მიუხედავად იმისა, რომ შუა პლეისტოცენის ჰომინინების ხეზე მუშაობის არაპირდაპირი კვალი ნარჩენი მცენარეული მასალების სახით შეინიშნება, მერქნისგან დამზადებული ქვის ხანის იარაღები თითქმის არ არის შემორჩენილი.

ამჟამად რეკორდის მფლობელა ისრაელში აღმოჩენილი 800 ათასი წლის წინანდელი გაპრიალებული ფიცარია, რომელიც მსოფლიოში სადურგლო საქმის ყველაზე ადრეულ ნიმუშად მიიჩნევა.

აფრიკაში, ხელით ნამუშევრების კვალი დრომ კარგად წაშალა და ადამიანის მიერ განზრახ ფორმამიცემული მხოლოდ რამდენიმე ობიექტი შემორჩა. როგორც წესი, ეს იშვიათი ეგზემპლარები იმ ადგილებშია აღმოჩენილი, სადაც მცენარეული მასალის ათობით ათასი წლის განმავლობაში შესანარჩუნებლად შესაფერისი პირობებია. კალამბოს ჩანჩქერი სწორედ ასეთი ადგილია, რომელიც 221 მეტრის სიმაღლის ჩანაწერის თავზე, მდინარე კალამბოს სიახლოვეს მდებარეობს, ადგილზე, სადაც რეგულარულად, შრეებად ილექებოდა დეპოზიტები და ამ შრეებს შორის არქეოლოგიის კვალს ისე ინახავდა, როგორც წიგნის ფურცლები ყვავილებს.

მე-20 საუკუნის შუა წლებში, ადგილზე მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს ხის ნივთები, რომლებიც ადამიანის ხელით გამოკვეთილს წააგავდა. დათარიღების მეთოდები მიუთითებდა, რომ ეს ნივთები სულ მცირე 110 ათასი წლის იყო, ზოგიერთი ნიშანი კი უფრო მეტ სიძველეზე მეტყველებდა.

რამდენადაც გამორჩეული არ უნდა იყოს ობიექტები, ცოტა თუ მოელოდა ორი მორის ნაშთების პოვნას, რომლებიც ისე იყო დამუშავებული, რომ უდავოდ რაღაც სტრუქტურაში გამოიყენებოდა. მორები აფრიკის სავანაში მზარდ საშუალო ზომის ბუჩქი-ტირიფისგან არის დამზადებული, აქვს დაჭრის, ხეხვისა და, სავარაუდოდ, დაწვის ნიშნები იმ მიდამოს გარშემო, რომელიც განზრახ ამოკვეთილი ჭრილი უნდა იყოს. თითოეული მორის სიგრძე მეტრზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთგადაკვეთის სექციების მიზნის დადგენა შეუძლებელია, ავტორებს მიაჩნიათ, რომ ისინი სტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო. იმის დასადგენად, თუ როდის დაამზადეს ეს მორები, მკვლევრებმა ლუმინესცენციური დათარიღების მეთოდი გამოიყენეს.

აღმოჩნდა, რომ მორები 450 – 500 ათასი წლის წინანდელია, იმ პერიოდის, ვიდრე ჩვენი სახეობის ადამიანები გამოჩნდებოდნენ.

ხის დიდი ნივთების დასამზადებლად, თუ გავითვალისწინებთ დროისა და ძალისხმევის დახარჯვას, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამ სტრუქტურის შემქმნელები შედარებით ერთ ადგილას სახლობდნენ, ან ხშირად სტუმრობდნენ მას.

„მიმდებარე გარემო გარდაქმნეს, რათა ცხოვრება გაემარტივებინათ, თუნდაც მხოლოდ მდინარის ნაპირზე პლატფორმის აგებით, სადაც ყოველდღიურ საქმეს გააკეთებდნენ. ეს ხალხი იმაზე მეტად გვგავდა, ვიდრე წარმოგვიდგენია“, – ამბობს ბარჰამი.

უხვი წყლით, საოცარი სიმწვანით და შესანიშნავი ხედებით გამორჩეული ადგილის გათვალისწინებით, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რატომ ვერ შორდებოდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები მდინარე კალამბოს.

 

კვლევა: ჟურნალი ,,Nature“.

მასალა მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

თარგმანი: მიხეილ ჭაბუკაშვილი.