სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული  და მძიმე დღეა. 30 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა!

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარეობდა.  სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში, რუსეთის გარანტიებით, ორ მხარეს შორის, 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება მხოლოდ 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და  სოხუმზე  ფართომასშტაბიანი იერიში ზღვიდან მიიტანეს. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა მებრძოლებმა უკან არ დაიხიეს. დაუნდობელი ომი 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, თუმცა ქართულმა მხარემ სუსტი შეიარაღებით მასიურ შეტევას ვეღარ გაუძლო და, საბოლოოდ, ქალაქი  დაეცა.

სოხუმის აღების შემდეგ, ქალაქში შესულმა სეპარატისტებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა  ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი დატოვეს, აფხაზი სეპარატისტები კი ამ დროს გამარჯვებას ზეიმობდნენ.

გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენელი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.